სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

825

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც რეგისტრებულნი არიან, მაღალმთიან დასახლებებში და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ პირობებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს დაგეგმილია 10 კოოპერატივისათვის სათიბ-საძოვრებისა და ტექნიკის გადაცემა.

დადგენილი კრიტერიუმებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომელთა წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და მფლობელობაში აქვთ არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ სათიბი ან საძოვარი ან ორივე ერთად, რაც ერთ სულ ფურზე ან/და დეკეულზე არანაკლებ 1.5 ჰა-ს და არაუმეტეს 4ჰა-ს შეადგენს.

უწყების განმარტებით, კოოპერატივები თანადაფინანსებით მიიღებენ საქონლის საკვების წარმოებისათვის საჭირო აღჭურვილობას ტრაქტორს, გუთანს, როტაციულ და სეგმენტურ სათიბელას, ფოცხს, მოთიბული მასის დამწნეხსა და მისაბმელს ტვირთის ტრანსპორტირებისათვის.

რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე www.acda.gov.ge 20 აპრილიდან მიმდინარე წლის 1 ივნისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სააგენტოს ცნობით, გასულ წელს პროგრამაში 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო.