შოთა ნარეკლიშვილი: თელავში თემატური საზოგადოებრივი საბჭოები შეიქმნება

1176

თელავის მუნიციპალიტეტში თემატური საზოგადოებრივი საბჭოები შეიქმნება, რომელშიც გაწევრიანების შესაძლებლობა ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ან საზოგადოების წევრს შეეძლება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

თელავის მერის ინფორმაციით, აღნიშნული საბჭოების მუშაობის ძირითადი მიმართულება არსებული პრობლემების გამოვლენა და მათი მოგვარების გზებზე მსჯელობა, მიმდინარე საკითხებსა და პროექტებზე მოქალაქეების აზრის მოსმენა იქნება.

შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი საბჭოების შექმნა ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მესამე სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას.

,,ჩვენ მზად ვართ ღიაობისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების ინფორმირებულობისა და გაძლერებისთვის ვგეგმავთ, შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭოები, რომლის წევრიც ყველას შეუძლია გახდეს და მიიღოს აქტიური მონაწილეობა. საბჭოების მუშაობის ძირითადი მიმართულება იქნება სხვადასხვა პრობლემური საკითხის გამოვლენა და მის მოგვარებაზე მსჯელობა, რომელიც შემდეგ ბიუჯეტში აისახება‘’,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართელობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთად მუშაობა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას. არასამთავრობო ორგანიზაციის – ,,თელავი ჩემი ქალაქია“ გამგეობის წევრი თამარ ბოტკოველი განმარტავს, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელება თელავში არსებული პრობლემების მოგვარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

,,შევხვდით მერს, მივიღეთ ინფორმაცია, რას გეგმავს უწყება სამომავლოდ ჩვენთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, ვისაუბრეთ, როგორ და რა ფორმით აპირებს თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორთან. მოხარულები ვართ, რომ მერი მოწადინებულია და მზად არის, განახორციელოს ერთობლივი პროექტები. ჩვენც გვაქვს სურვილი, ჩავერთოთ საზოგადოებრივი საბჭოების მუშაობაში და ვითანამშრომოთ მერიასთან’’, – აღნიშნავს ბოტკოველი.

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელის, ლიკა იმერლიშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დემოკრატიულ, ღია და გამჭვირვალე მმართველობის დანერგვას, რომელიც პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს როგორც თვითმმართველობაზე, ისე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეზე.

,,შეხვედრა მერსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ჩვენი ინიციატივით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, როგორც თვითმმართველობის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გააცნეს მიმდინარე და განხორციელებული საქმიანობები. მათ, ასევე, იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე, ისაუბრეს, რა გამოწვევები და პრობლემებია მუნიციპალიტეტში და როგორ შეიძლება არასამთავრობო სექტორმა შეიტანოს წვლილი თვითმმართველობის გაძლიერებაში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მერი მზად არის, შეხვდეს და მოუსმინოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ამ ორი სექტორის მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესების უკეთ წარმართვას და ჩართულობის გაზრდას’’, –  განაცხადა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლიკა იმერლიშვილმა.