სოფელ წინანდლის ბაღიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა აქცია გამართეს

745

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საბავშვო ბაღიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამსახურში აღდგენას ითხოვენ. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

აქციის მონაწილეების თქმით, ბაღი ამორტიზებული იყო, ახალაშენებულ ბაღში კი მათი ადგილი არ აღმოჩნდა.

“წლების განმავლობაში საბავშვო ბაღის შენობა ამორტიზებული იყო. შემდეგ ახალი ააშენეს, მაგრამ ჩვენ ვეღარ გავაგრძელეთ მუშაობა. თანამშრომლები სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნეპოტიზმის ნიშნით მიიღეს. ახალი თანამშრომლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავები არიან”, – თქვეს სოფელ წინანდლის საბავშვო ბაღის ყოფილმა თანამშრომლებმა.

სკოლამელი დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების მოთხოვნას თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გამოეხმაურა. თინათინ ხანჯალიაშვილის თქმით, ახალი თანამშრომლები თელავის ყოფილი თვითმმართველი თემის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ კონკურსის წესით შეარჩია და მას ამ კონკურსთან კავშირი არ აქვს. მისივე ინფორმაციით, კონკურსის დროს ჩატარებული გასაუბრების შედეგების გაუქმება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია.

ბაღის ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია 21 აპრილს გამართეს.