თბილისში პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

773

საბურთალოს რაიონში პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაციას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სამუშაოები თბილისის მერმა დაათვალიერა. მისი თქმით, მოწესრიგდება გზის საფარი, ასევე, გზაგამყოფი და შშმ პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

“ჩვენ ასევე, ბარათაშვილის აღმართის სრულ რეაბილიტაციას ვაპირებთ. მალე დავიწყებთ ვაშლიჯვრის გადასასვლელი ესტაკადის მშენებლობასაც. ასევე, დაგეგმილი გვაქვს კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის მიხედვით, პეტრიწის ქუჩაზე ასფალტბეტონის საფარი, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა. პროექტი საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაციას – წყალარინების ახალი ქსელისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, მოეწყობა ახალი განათების სისტემა და გამწვანდება გზაგამყოფი ზოლი.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 968 633.46 ლარია. სამუშაოებს შპს „ენ სი“ აწარმოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 აპრილს დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.