თვითმმართველი ერთეულებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის პროცესი ფერხდება

564

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 162-ე მუხლის თანახმად,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი შესაბამისი გრაფიკი და წესი, დასამტკიცებლად კი საქართველოს მთავრობასთვის წარედგინათ. თუმცა აღნიშნული ვალდებულება სამინისტროებს დღემდე არ აქვთ შესრულებული, რითაც ერთმნიშვნელოვნად ფერხდება ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ფისკალური და ეკონომიკური რესურსების, მათ შორის ქონების გადაცემას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველომ” წერილობით მიმართა საქართველოს მთავრობას, თუმცა ცალკეული სამინისტროებიდან მიღებული პასუხი არ იძლევა კონკრეტულ ინფორმაციას, რამ განაპირობა აღნიშნული პროცესის შეფერხება, რა ვადებში შეიძლება მოხდეს მიწის გადაცემის წესის დამტკიცება და პროცესის დასრულება.

  • რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ სამინისტროს მიერ “დაგეგმილია ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული მმართველობის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება” და სწორედ ამ პროცესის ფარგლებშია გათვალისწინებული თვითმმართველობის კოდექსის 162-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების განხორციელებაც. რეგიონალური განვითარების სამინისტროს წერილში არ არის განმარტებული, თუ რატომ არ იქნა ეს ვალდებულება შესრულებული, ასევე არ მოუწოდებიათ ინფორმაცია ვალდებულებათა შესრულების კონკრეტული ვადების შესახებ;

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „იუსტიციის სამინისტრო, მისი კომპეტენციიდან გამომდინარე მონაწილეობას მიიღებს აღნიშნული სამართლებრივი აქტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში, როდესაც აქტის პროექტის მას წარედგინება კანონით დადგენილი წესით“

  • ფინანსთა სამინისტროდან მიღებული წერილით კი დგინდება, რომ სამინისტრო მზადაა მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების პროცესში, თუმცა მიაჩნიათ, რომ უპირველესად,  უნდა განისაზღვროს თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ვალდებულება „თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიებს, შექმნის წესს, ქონებრივ უფლებებსა და მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს“

  • მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის კომუნიკაცია აღნიშნულ თემაზე არაერთხელ შედგა, უწყებას პასუხი საქართველოს მთავრობის ადმინისტაციისადმი გაგზავნილ ჩვენს მიმართვაზე ამ დრომდე არ გაუცია. ეკონომიკის სამინისტრომ „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ წერილობითიკორესპოდენცია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე 2017 წლის 31 იანვარს მიიღო.

საერთაშორისო პრაქტიკა

აღნიშნულ საკითხზე მუშაობისას, ასევე, საინტერესოა საზღარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებაც. ჩვენ წარმოდგიდგენთ ესტონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკების მაგალითებს:

ესტონეთი:

ესტონური კანონმდებლობის თანახმად:

  • მუნიციპალური საკუთრება შეიძლება იყოს ნებისმიერი ნივთი, რომელის საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური თუ ეკონიმიკური განვითარებისათვის;

  • თვითმმართველობას აქვს უფლება გამოიყენოს სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოსაწესრიგებლად, ან მიიღოს იგი საკუთრებაში უსასყიდლოდ ან გარკვეული საფასურის სანაცვლოდ;

  • თვითმმართველობებს აქვთ მიტოვებული მიწის უპირატესი შესყიდვის უფლება, რითაც უმარტივდებათ ადგილობრივი ქონების გამოყენებით მოსახლეობისათვის სხვადასხვა სახის სერვისების მიწოდების შესაძლებლობა;

  • ესტონეთის კონსტიტუცია მუნიციპალიტეტებს ანიჭებს ფართო ავტონომიას ქონების განკარგვის სფეროში, თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს ქონების განკარგვის საკუთარი წესი

  • მუნიციპალური ქონება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს: 1. საჯარო მიზნებისთვის 2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განსახორციელებლად 3. შემოსავლების მისაღებად

ჩეხეთი:

  • ჩეხეთის რესპუბლიკაში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სახელმწიფოსაგან ქონების ძირითადი ნაწილი 1990-იან წლებში მიიღეს;

  • მათ საკუთრებაში გადაეცა იმ ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც 1948 წლამდე ფლობდნენ;

  • მუნიციპალიტეტებმა სხვადასხვა სახის ქონებასთან (სხვადასხვა დანიშნულების მიწა, შენობა-ნაგებობები) ერთად საკუთრებაში მიიღეს გაზისა და ელექტროენერგიის სახელმწიფო კომპანიების აქციების 34%, წყალმომარაგების კომპანიების აქციები 80-90% წილი;

  • აქციების გადაცემის მიზანი მუნიციპალური კონტროლისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ჩართულობა იყო;

  • ჩეხური კანონმდებლობა მუნიციპალიტეტებს ავალდებულებს იზრუნონ მუნიციპალური ქონების ეფექტიან და ეკონომიურ გამოყენებაზე, ქონების შენარჩუნებასა და განვითარებაზე, მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან პერიოდულად მოახდინონ ქონების ინვენტარიზაცია, დაიცვან იგი დაზინებისა და გაფლანგვისაგან.

  • მუნიციპალიტეტებს აქვთ უფლება გაყიდონ, გაცვალონ ან გააქიროვონ ის ქონება რომელსაც არ იყენებენ.

რეკომენდაციები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიაჩნია, რომ სამინისტროებს ჰქონდათ გონივრული ვადა (2014 წლის თებერვლიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდი)  “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 162-ე მუხლით განსაზღვრვული ვალდებულებების შესასრულებლად. მუნიციპალიტეტებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის პროცესის შეფერხება კი ზღუდავს ხელისუფლების დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობათა დამოუკიდებლობის დონეს.

  • მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობებისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ეკონომიკურ მდგრადობას;

  • დღევანდელი მდგომარეობით, უმეტეს შემთხვევაში მუნიციპალიტეტების საკუთარებაში არსებული ქონება მხოლოდ მათი ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელებისათვის არის საკამრისი და ქონებით რაიმე დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა იშვიათად ეძლევათ; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის შემთხვევაში კი თვითმმართველობებს საკუთარი ქონების განკარვით (პრივატიზაცია, მართვის უფლებით გადაცემა, იჯარა და ა.შ.) აქტიური ეკონომიკური საქმიანობის წარმართვისა და საკუთარი კომპეტენციების განხორციელებისათვის დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობა მიეცემათ;

  • ჩვენი პოზიციით, მუნიციპალიტეტები ცენტრალურ ხელისუფლებაზე უფრო ეფექტიანად შეძლებენ მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონების, ამ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს  მყარი ქონებრივი ბაზის ჩამოყალიბებას, მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობის განვითარებასა და ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს შესაბამის სამინისტროებსა და საქართველოს მთავრობას უახლოეს ხანებში შეიმუშავონ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი გრაფიკი და წესი და ასევე გონივრულ ვადებში დაიწყონ მიწების გადაცემის პროცესი.