მარნეულში ლიტერატურული კლუბი „ქიმერიონი“ გაიხსნა

687

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, 17 აპრილის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ,,კულტურის ცენტრის” ინიციატივით ლიტერატურული კლუბი „ქიმერიონი“ გაიხსნა.

მარნეულის მერიის ცნობით, კლუბის მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და ლიტერატურული გემოვნების დახვეწა. ასევე, აქტიური ახალგაზრდების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება.

ლიტერატურული კლუბი გააერთიანებს ლიტერატურის მოყვარულ ადამიანებს ერთ სივრცეში და მისცემს მათ საშუალებას წაიკითხონ და განიხილონ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები.

კლუბი, 6 მაისიდან დაიწყებს აქტიურ ფუნქციონირებას მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის სივრცეში. პირველი ჯგუფის დაკომპლექტება და წევრების რეგისტრაცია განხორციელდება 16–დან 30 აპრილამდე. ჯგუფის წევრების ასაკი განისაზღვრება 15 წლიდან ზემოთ. შეხვედრები გაიმართება თვეში ერთხელ, კვირა დღეს. კლუბს უხელმძღვანელებს – მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი თამარ შენგელაია.