ყვარლის მერიამ დამატებით კიდევ 11 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა

661

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ დამატებით 11 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურია ბალღოჯიანის, ახალსოფლის, გავაზის, გრემის, მთისძირის, ყვარლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების, აგრეთვე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილებების უფროსების, იურიდიული სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში უფროსი სპეციალისტების პოზიციები. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

ყვარლის მერიის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

„ არსებული მოთხოვნების მიხედვით, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. დანარჩენ ვაკანტურ თანამდებობებზე კი საკმარისია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება. თანამშრომლების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განაცხადებების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას გულისხმობს. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა წარადგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი“, – თქვეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.

მერიის ცნობით, ამ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 700-დან 1000 ლარამდე მერყეობს. განაცხადების მიღება 26 აპრილამდე გაგრძელდება.