წნორში სოციალური საწარმოს – “ცოდნის კაფეს” მშენებლობას სიღნაღის მერიაც შეუერთდა

1144

წნორში სოციალური საწარმოს – “ცოდნის კაფეს” მშენებლობას სიღნაღის მერიაც შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ და მუნიციპალიტეტის მერიისგან მიღებული შესაბამისი წერილი “ცოდნის კაფემ” საკუთარ facebook-ზე გამოაქვეყნა.

როგორც წერილიდან ირკვევა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია პროექტს – “წიგნების თარო” 4 900 ლარით დააფინანსებს. “სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია, ამ კონკურსის დაფინანსებით, ხელს შეუწყობს ცოდნის კაფეს აშენებას”, -წერია წერილში, რომელსაც ხელს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგილაშვილი აწერს.

თითქმის 2 წლის წინ სწორედ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ “ცოდნის კაფეს” გამოყოფილი 40 კვ.მ. ფართი დააცლევინა. მოტივად კი ქირის გადაუხდელობა დაასახელა და ფართი სხვას მიაქირავა, რითაც სოციალური საწარმოს ფუნქციონირებას მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა.

“იმის მიუხედავად, რომ სხვა ქვეყნებსა თუ  მუნიციპალიტეტებში ასეთ წამოწყებებს დადებითად ეკიდებიან, ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან  არანაირი თანადგომა არ გვქონდა,  საბოლოოდ კი, სხვა დაფინანსებებისა და პროექტის მეშვეობით განვახორციელეთ ეს იდეა,  მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადმინისტრაციული შენობის 40 კვ.მ. ოთახი თვეში ასი ლარის სანაცვლოდ მოგვაქირავა. ოთახი გავარემონტეთ ჩვენი ხელით, წყალი შევიყანეთ, ავეჯი შევიტანეთ, ფანჯრები შევღებეთ, საბოლოოდ კი ეს ფართი სხვის ხელში აღმოჩნდა. იმის ნაცვლად, რომ ახალგაზრდებს ხელს უწყობდნენ, მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არანაირი წინსვლა არ იგრძნობა”, – ამბობდა მაშინ ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა ბაგალიშვილი.

“ცოდნის კაფე” ააიპ “სამოქალაქო ინიციატივის” მიერ 2016 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის დაბა წნორში. სოციალური საწარმო 4 დეფიციტურ სივრცეს აერთიანებს – არაფორმალური განათლების/კულტურის ცენტრს, წიგნის მაღაზიას, მულტიმედია ბიბლიოთეკასა და კაფეს. ეს არის თითქმის ერთადერთი თავისუფალი სივრცე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სადაც მუდმივად ტარდება შეხვედრები, ლიტერატურული საღამოები, დისკუსიები, კინოჩვენებები, გამოფენები, ტრეინინგები და ა.შ.

ამ ხნის მანძილზე “ცოდნის კაფემ” 3,000-ზე მეტ ბავშვს, ახალგაზრდას, ზრდასრულსა და მოხუცს უმასპინძლა. ხოლო, 8 აქტიურ ახალგაზრდულ ჯგუფს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ბიძგი მისცა, დაეწყოთ “ცოდნის კაფეს” მსგავსი სივრცეების შექმნა.

“ძლიერი სოფლები შენდება ახალი ცოდნებითა და ახალი გამოცდილებებით დამუხტული ადამიანებით. “ცოდნის კაფეც” არსებობს ახალი ცოდნებისა და კულტურის დეცენტრალიზაციისთვის ცენტრიდან რეგიონებისკენ.

ჩვენ მოგვაქვს თანამედროვე სამყაროს მიგნებები თანასოფლელ ახალგაზრდებთან, ბავშვებთან და მოხუცებთან.

წელიწადნახევრის წინ წნორელმა ახალგაზრდებმა დავიჯერეთ, რომ ზღვა ენთუზიაზმითა და მზე ხალხის მხარდაჭერით გავაჩენდით “ცოდნის კაფეს”, რაც მოიცავდა დეფიციტურ სივრცეებს მუნიციპალიტეტში – წიგნის მაღაზიას ყველაზე დაბალ ფასად, არაფორმალური განათლების/კულტურის ცენტრს, მულტიმედია ბიბლოთეკასა და მყუდრო კაფეს.

ბევრი დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენ ეს შევძელით. მოლოდინზე მეტად წარმატებული აღმოჩნდა “ცოდნის კაფე” და ახლა ერთადერთი საზრუნავი გვაქვს, რომ ცოდნის კაფეს ჰქონდეს საკუთარი, ქირისგან გათავისუფლებული, სივრცე.

“ცოდნის კაფეს” ასობით მაშენებელმა მიწა უკვე ვიყიდეთ ცოდნის კაფესთვის და ახლა კონსტრუქციის აშენებაღა დაგვრჩა!

ცოდნის კაფე თაობებს დარჩება! შემოგვიერთდი! #დადეშენიაგური“, – ვკითხულობთ “ცოდნის კაფეს” ვებგვერდზე.