დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ელექტრონულადაც შესაძლებელია

865

დედოფლისწყაროს საკრებულომ 2013 წლის 25 სექტემბრის №23 დადგენილებაში ცვლილება შეიტანა, რომელიც „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცებას“  შეეხება. ახალი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის განკუთვნილი ონლაინსივრცე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდი – www.dedoplistskaro.gov.ge.

დადგენილების თანახმად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უნდა შეარჩიონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც დროულად დაამუშავებს, გამოაქვეყნებს და გასცემს საჯარო ინფორმაციას.

დადგენილებით, ასევე, განისაზღვრა, თუ რა ინფორმაცია განეკუთვნება ვებგვერდზე პროაქტიულად გამოსაქვეყნებელ საჯარო ინფორმაციას.

ამავე დოკუმენტით საკრებულომ განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტიც.  კერძოდ, პირს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა შეუძლია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე – www.dedoplistskaro.gov.ge  და მერიის ელექტრონულ რესურსზე – dedoplistskaro–region@yahoo.com წერილობითი განცხადების წარდგენის გზით.

ადგილობრივი თვითმმართველობა საჯარო ინფორმაციას გასცემს დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე გაგზავნით. იმ შემთხვევაში კი, თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულად გაგზავნა, მისი მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, განმცხადებელის თანხმობის შემთხვევაში, კომპაქტურ დისკზე ჩაწერილ ინფორმაციას “საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” კანონით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის შემდეგ გასცემს.

დადგენილების მიხედვით, ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები, ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე მოთხოვნის შესვლის შემდეგ, კანცელარიაში რეგისტრაციის მომენტიდან აითვლება.