მცხეთის საკრებულო: ქალაქი მცხეთა თვითმმართველ ქალაქად უნდა დარჩეს

1571

ქალაქ მცხეთის საკრებულოს წევრები ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. საკრებულოს წევრები მიიჩნევენ, რომ ქალაქების კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება დემოკრატიული პროცესებისა და დეცენტრალიზაციის მხრივ უკუსვლა იქნება.

ამასთან, მცხეთის საკრებულოს წევრები აცხადებენ, რომ ქალაქ მცხეთას საკუთარი თვითმმართველობა უნდა მართავდეს. ისინი საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისგან მოითხოვენ, რომ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის თემის მუნიციპალიტეტი ისევ არ გაერთიანდეს.

გთავაზობთ ქალაქ მცხეთის საკრებულოს განცხადებას სრულად:

ჩვენ, საკრებულოს წევრები, ვაცნობიერებთ იმ განსაკუთერებულ პასუხისმგებლობას, რასაც ამომრჩევლებმა, ქალაქ მცხეთისა და მისი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლების მართვაში დაგვაკისრა. შესაბამისად, მოსახლეობის ინტერესებისა და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდირების შესაბამისაად, განვახორციელეთ მთელი რიგი პრინციპული ქმედებები. თუმცა, თვითმმართველობების მორიგი ინსტიტუციონალური ცვლილებების განაცხადმა ბევრი რამის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს.

აქ საქმე არ ეხება მხოლოდ 7 თვითმმართველი ქალაქის თემებთან გაერთიანებას, რაც თავისთავად დემოკრატიული პროცესებისა და დეცენტრალიზაციის მიმართულებით უკანგადადგმული ნაბიჯია. მცხეთა, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობისა და მართმადიდებლობის საწყისი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის რანგშია აყვანილი. შესაბამისად მის მართვას, განსაკუთრებული სპეციფიკა და საერთაშორისო პასუხისმგებლობა გააჩნია.

შესაბამისად ჩვენ, საკრებულოს წევრებს, ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ქალაქ მცხეთას უნდა მართავდეს საკუთარი თვითმმართველი ერთეული, რომლის ქმედებებშიც სრულად უნდა იყოს ასახული კულტურული მემკვიდრეობის ინტეგრირებული მართვისა და ქალაქის მდგრადი განვითარების მექანიზმები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც საქართველოს მთავრობას, ისე პარლამენტს, მივმართავთ მოთხოვნით, რომ არ მოხდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის თემის მუნიციპალიტეტის გაერთიანება.

ასევე მოვითხოვთ, საზოგადოების საფუძვლიანი მოთხოვნილებისა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, დროულად მოხდეს ისტორიული სინამდვილის აღდგენა და მცხეთის ჯვარი, მისი კულტურული მემკვიდრეობის დაცვით ზონაში არსებული ტერიტორიებით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცეს!

მცხეთა, თავისი ურბანული სპეციფიკიდან გამომდინარე, არა მარტო თვითმმართველი ქალაქი უნდა იყოს, არამედ მისთვის უნდა მოქმედებდეს განსაკუთრებული ეკონომიკური რეჟიმიც, რათა კიდევ უფრო მეტი გასაქანი მიეცეს ტურიზმისა და მისი თანმხლები დარგების განვითარებას. ჩვენ მხოლოდ ფინანსურ სიძლიერეზე არ ვართ ორიენტირებული. მოწესრიგებული ქალაქი იქნება მაგალითი იმისა, რომ ჩვენი წარსული კულტურის დიდება დღესაც გრძელდება!

ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ საზოგადოებად, რომელსაც არა მარტო წინაპართა მიერ შექმნილი მსოფლიო მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, არამედ მის ფონზე, დღევანდელი თვითმყოფადობის წარმატებული მაგალითების წარმოჩინებაც შეუძლია!

მიმართვას ხელს აწერენ:

ილია ჯიშკარიანი
ავთანდილ ედიშერაშვილი
ვაჟა მარტოლეკი
მიხეილ ბუჯიაშვილი
თამარ მაისურაძე
არჩილ ღარიბაშვილი
ბადრი მერებაშვილი
შიო კობიაშვილი
შიო ჯატიაშვილი
კახაბერ გაბრელიანი
მერაბ კაციაშვილი
რევაზ მამულაშვილი

წყარო: bagineti.ge