თბილისში ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე მოძრაობის სქემა შეიცვალა

წინა სტატია

თბილისში ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, გზაგამტარის სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები დროებით შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გზაჯვარედინზე ცინცაძის ქუჩიდან ნებადართული იქნება მოძრაობა მხოლოდ მარჯვნივ – კარტოზიას ქუჩაზე, ხოლო პირდაპირ – თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება და ამირეჯიბის გზატკეცილისკენ მობრუნება – შეიზღუდება.

სანაცვლოდ, ცინცაძიდან ამირეჯიბის გზატკეცილისა და ბახტრიონის ქუჩისკენ მოძრავ ავტომანქანებს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის პირველივე გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევა შეეძლებათ.

გარდა ამისა, ყაზბეგის გამზირიდან კარტოზიას ქუჩაზე შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილი ავტომანქანებისთვის იქნება ნებადართული.

კარტოზიას ქუჩაზე შეზღუდვის დაწესების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი: N92 ავტობუსი და N27, 50, 81 და N100 მიკროავტობუსები გაივლიან თამარაშვილის ქუჩას, ყოფილ იპოდრომთან ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩაზე შეუხვევენ, საიდანაც მოძრაობას დადგენილი მარშრუტით განაგრძობენ.

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები 5 თვეში დასრულდება. პროექტის განხორციელებისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700 ათასი ლარია გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები