ფინანსთა მინისტრმა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სავალუტო ფონდის მისიასთან ისაუბრა

605

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დაასრულა მეოთხე მუხლის კონსულტაციები და “გაფართოებული მექანიზმით” მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვა. ამასთან დაკავშირებით კანცელარიაში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდნენ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„გასულ და მიმდინარე წელს, დაიწყო ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია, მათ შორისაა, რიკოთის მონაკვეთის ოთხივე სექცია, სამხრეთის მაგისტრალი რუსთავიდან აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრების მიმართულებით, საქართველოსთვის უპრეცედენტო სირთულის ხელოვნური ნაგებობები და გვირაბების მშენებლობა ნატახტარი-ყაზბეგის და ქუთაისი-მესტიის მიმართულებით. სწორედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამამ და ჩვენმა წარმატებულმა ფისკალურმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ყველა მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტზე უკვე მოძიებულია დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.