ქუთაისში პოლონურ-ქართული კვლევითი ცენტრი იხსნება

1436

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი გაიხსნება. ამით პოლონეთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში. ამის შესახებ “ქუთაისი პოსტი” წერს.

ცენტრს ცნობილი პოლონელი არქეოლოგის, სტეფან კრუკოვსკის სახელი მიენიჭა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის პალეოლითის ხანის საქართველოს შესწავლაში. ჭიათურის მახლობლად, გამოქვაბულში, მან პირველმა აღმოაჩინა უძველესი ადამიანის კვალი.

“კრუკოვსკის სახელობის მულტიდისციპლინარული კვლევითი ცენტრის პრიორიტეტს, ამ ეტაპზე, ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის კვლევა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის პირველადი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო”, – განმარტავენ კულტურის სამინისტროში.

კვლევები საფუძველს ქმნიან მომავალ წლებში განისაზღვროს ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და პოლონელი ექსპერტების დახმარებით დაიწყოს მუშაობა მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად.

ცენტრი 17 აპრილს გაიხსნება, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე, ქართულ-პოლონური საპარლამენტო ჯგუფის თანათავმჯდომარე მალგორზატა გოსიევსკა, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.