ყაზბეგის მიმართულებით გვირაბის მშენებლობა შესაძლოა ADB-მა დააფინანსოს

624

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალურმა დირექტორმა, ვერნერ ლიპახმა. შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსოს ისეთი პროექტები, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის სექცია.

ასევე, განიხილება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გვირაბის მშენებლობა ყაზბეგის მიმართულებით, რომელიც, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანზიტო პოტენციალს ჩრდილო-დასავლეთის მაგისტრალის მიმართულებით და ხელს შეუწობს ამ რეგიონის განვითარებას.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის აქტიური პორტფელი საქართველოში, დაახლოებით, 2.1 მილიარდი დოლარია და მოიცავს კერძო და საჯარო სექტორის დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას.