ქუთაისის თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია ივნისში დაიწყება

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება გათბობისა კონდიცირების სისტემები, გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, დამონტაჟდება სცენის განათება-გახმოვანება, მოეწყობა თეატრის ეზო. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დამონტაჟდება პანდუსები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 534 655 ლარია. თანხა საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოყო.

თოჯინების თეატრი ქუთაისში 1946 წელს ყოფილი ღვინის სარდაფის შენობაში გაიხსნა. მას შემდეგ იგივე ადგილზე, წმინდა ნინოს ქუჩის 9 ნომერში მდებარეობს. სარემონტო სამუშაოები შენობას გასული საუკუნის 80- იან წლებში ჩაუტარდა.

მსგავსი სიახლეები