რა შემოსავალი მიიღო ქუთაისის მერის ოჯახმა 2017 წელს

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მერად დანიშვნის პირველსავე თვეს, ხელფასთან ერთად, სახელფასო დანამატი მიიღო. ამის შესახებ “ნიუპრესს” “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ნიკა ნარსიამ მერის მიერ შევსებულ დეკლარაციაზე დაყრდნობით უთხრა.

ნარსიას თქმით,”ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიზანი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის და კომფორტზე ზრუნვაა.

ქუთაისის მერის მიერ მიმდინარე წლის 26 მარტს შევსებული დეკლარაციის თანახმად, მან 2017 წელს მერის პოსტზე  3011,9 ლარი მიიღო.

გიორგი ჭიღვრიამ ქუთაისის მერის პოსტზე გასულ წელს ერთი თვე და ერთი დღე დაჰყო. დეკლარაციის მიხედვით, ის მერის თანამდებობაზე 29 ნოემბრიდან ირიცხება.  თუ გავითვალისწინებთ,  რომ მერის ხელფასი 2750 ლარია, გამოდის, რომ დანამატის სახით პირველსავე თვეს გარკვეული თანხა მიიღო.

დეკლარაციის თანახმად, გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-გუბერნატორის  პოსტზე 19 996,6 ლარი მიიღო. წერეთლის უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე 14 493,75 ლარი, ზუგდიდის “შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე 9153,84 ლარი მიიღო.

გიორგი ჭიღვარია მეუღლესთან, ორ შვილთან და მამასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის სახელზე რეგისტირებული ორი სახლი და სამი მიწის ნაკვეთია. ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი დასაქმებულია. მერის მეუღლე სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობს. გასულ წელს კი ის ა(ა)იპ “ქუთაისის ბაგა- ბაღების გაერთიანებაში” მუშაობდა. თამთა ფოფხაძემ  გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 12618,8 ლარი მიიღო.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე  ორ თვეში 3473,65 ლარი გამოეწერა. თამთა ფოფხაძემ წერეთლის უნივერსიტეტში მიწვეული სპეციალისტის პოზიციაზე 1315 ლარი მიიღო.

ტარიელ ჭიღვარიამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე  15361,75 ლარი მიიღო.

ჯამში, ოჯახის შემოსავალი გასულ წელს 79 425. 29 ლარი იყო.

რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს ამ მხრივ,  ჭიღვარიების ოჯახში მდგომარეობა უცვლელი რჩება. საცხოვრებელი სახლები რაჭასა და ქუთაისში ტარიელ ჭიღვარიას სახელზე არის რეგისტირებული. გიორგი ჭიღვარია კი 167, 700 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს ქუთაისში. მეუღლის თამთა ფოფხაძის სახელზეა რეგისტრირებული 2013 წელს შეძენილი 48,8 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში.

გიორგი ჭიღვარია ფლობს მსუბუქ ავტომანქანას SUBARU FORESTER-ს, რომლის ღირებულებაც 6500 ლარია. TOYOTA RAV4, რომლის ღირებულებასაც  5000 აშშ დოლარი წარმოადგენს თამთა ფოფხაძის სახელზეა.

გიორგი ჭიღვარია შპს “კოლეგიო”-ში 34% წილის მფლობელია, დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის 23 მარტიდან  მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი.

გიორგი ჭიღვარიას სასესხო ვალდებულებად ბანკში  44500 ლარი ერიცხება, რის პროცენტადაც წლის განმავლობაში 10277,1 ლარი გაიღო.

ტარიელ ჭიღვარიამ ავტომობილის გაყიდვის შემდეგ  1 700 აშშ დოლარი მიიღო.

გასულ წელს გიორგი ჭიღვარიამ სანადირო თოფი Fabarm შეიძინა, რისთვისაც 2700 ლარი დახარჯა.

მსგავსი სიახლეები