პატარა ქალაქი ალასკაზე, რომლის 220 მცხოვრებიც ერთ სახლში ცხოვრობს

1507

პატარა ქალაქი ვიტიერი ალასკაზე, აშშ-ში მდებარეობს. ქალაქში სულ 220 ადამიანი ცხოვრობს და შტატების მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მცირერიცხოვან დასახლებად ითვლება.

ქალაქს სახელწოდება 1915 წელს პოეტ ჯონ გრინლიფ ვიტიერის პატივსაცემად ეწოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ს არმია ამ ადგილზე სამხედრო ობიექტებს აშენებდა, რომლებიც პორტთან და რკინიგზასთან ახლოს იყო. ბანაკს “სალივანი” ერქვა. რკინიგზის მშენებლობა იქ 1943 წელს დასრულდა და ეს მონაკვეთი ამერიკელი სამხედროებისთვის ალასკასთან დამაკავშირებელ გზად იქცა.

სახლი, რომელშიც ქალაქის ყველა მცხოვრები ცხოვრობს

ქალაქში სულ ორი მაღალი შენობაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს აშენდა. 14-სართულიან შენობაში 150 ორი და სამადგილიანი საცხოვრებელი ბინებია. ვიტიერის მოსახლეობა სწორედ ამ შენობაში ცხოვრობს.

შენობაში ასევე განთავსებულია ორი მაღაზია, პოლიციის განყოფილება, ქალაქის მმართველი ორგანო, სათამაშო ცენტრი, ფოსტა, სამედიცინო პუნქტი და სკოლა. შენობაშია ეკლესიაც.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სკოლა 14-სართულიანი შენობის ნაწილია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის გვირაბით უკავშირდება მას. მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესზე დასასწრებად ამ გვირაბის გავლა უწევთ. ამის მიზეზი კი ვიტიერში არსებული ცივი ზამთარი და გარემოპირობებია.

მეორე ყველაზე დიდი შენობა კი “ბანკერის” სახელწოდებით არის ცნობილი. ისიც სამხედროების აშენებულია და სამხედრო დანიშნულება ჰქონდა. მოგვიანებით იქ ადამიანები ცხოვრებდნენ, თუმცა, 1964 წელს ალასკაზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს, შენობა დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა.

ქალაქს გარშემო მთები და წყალი აკრავს. ამიტომ ქალაქში შესვლა და გასვლა მხოლოდ ერთი გზით – გვირაბით არის შესაძლებელი, რომელიც, ამავდროულად, რკინიგზის ფუნქციასაც ითავსებს. გზაზე გადასაადგილებლად სპეციალური დრო არის განსაზღვრული.

ვიტიერს ადრე გემების გადასაზიდად იყენებდნენ და დღეს ეს ფუნქცია შენარჩუნებელია. გზა, რომელიც გემების გადასაყვანად იყო გაკეთებული, ისევ მოქმედებს.

რაც შეეხება ქალაქის მმართველობას. ვიტიერს 7 ადამიანი მართავს: მერი და 6 წევრისგან შემდგარი წარმომადგენლობითი საბჭო. ქალაქი სამი მთავარი დეპარტამენტიდან იმართება: ადმინისტრაცია, სამოქალაქო უსაფრთხოება, სამოქალაქო სამუშაო და კომუნალური მომსახურება.