ქუთაისს მთავარი არქიტექტორი ისევ არ ჰყავს

900

ქუთაისს მთავარი არქიტექტორი ისევ არ ჰყავს. იმის გამო, რომ გასულ წლებში მერიის მიერ გამოცხადებული პოზიციით არავინ დაინტერესდა, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ არქიტექტურის სამსახური, როგორც ცალკე უწყება გააუქმა და ზედამხედველობის სამსახურთან გააერთიანა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

2016 წელს მერი შოთა მურღულია განმარტავდა, რომ პოზიციით დაბალი ხელფასის გამო არ ინტერესდებოდნენ. შოთა მურღულია ამბობდა, რომ მზად იყო, არქიტექტურის სამსახურის უფროსის ხელფასი გაეზარდა და მერის სახელფასო ანაზღაურებისთვის გაეთანაბრებინა. მურღულია დასძენს, რომ ამ წინადადებით საკრებულოსათვის მიმართვასაც აპირებდა.

ახალმა მერმა წინა წლებში მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და არქიტექტურის სამსახური ცალკე უწყებად ჩამოაყალიბა. მერიის გადაწყვეტილებით, ზედამხედველობა და არქიტექტურა ერთმანეთს გაემიჯნა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ შეუძებელი იყო ნებართვის გამცემი და მაკონტროლებელი უწყებები ერთი სამსახურის ქვეშ გაერთიანებულიყო.

რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურებში ახალი ხელმძღვანელობები დაინიშნენ, მაგრამ ამ დრომდე ვაკანტური რჩება არქიტექტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ამ ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადება იგეგმება, თუმცა როდის – მერიაში არ იციან.