მცხეთის საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე საკითხს მხარი დაუჭირეს

659

13 აპრილს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ N11 რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე უძღვებოდა, 9 საკითხი იყო წარმოდგენილი.

მერიის ჯანდაცვის განყოფილების თანამშრომელმა ვასილ ბერუაშვილმა წარმოადგინა დადგენილების პროექტი, რომელიც სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცებას ეხებოდა.

ქონების მართვისა და აღრიცხვების განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ქიტუაშვილმა ისაუბრა ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ. მან მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2018 წლის პრივატიზაციის გეგმაც წარმოადგინა.

სივრცითი მოწყობის განყოფილების თანამშრომელმა გიორგი ნიკოლაიშვილმა შპს „წილკნის ველის“ საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მშრალი პროდუქტების შესანახი და დასაფასოებელი საწყობის მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის შესახებ განკარგულების პროექტი წარმოადგინა.

ნიკოლაიშვილმა კიდევ ერთი შენებლობის ნებართვის შესახებაც ისაუბრა, განკარგულების პროექტი, ამჯერად სს „კოკაკოლა ბოთლერ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამეწარმეო დანიშნულების შენობა-ნაგებობას ეხებოდა.

დეპუტატებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის უფროსის მომართვების საფუძველზე სოფელი წეროვნის, ლისისა და ნაფეტვრების დამისამართების შესახებ განიხილეს განკარგულების პროექტები.

საკრებულოს აპარატის უფროსმა მაია ხუნდაძემ საკრებულოს წევრებს გასული თვის სახელფასო ხარჯების შესახებ მიაწოდა ინფრომაცია.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფოლოდაშვილმა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიაში მადონა ჯიქიას გაწევრიანებისა და ქონების მართვის, აგრარულ და ბუნებრივი რესურსების კომისიის შემადგენლობიდან სევდია უგრეხელიძისა და კახაბერ წოწინაშვილის გამოსვლის შესახებ წარმოადგინა საკითხი.
ბოლო საკითხი კი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას ეხებოდა.

საკრებულოს წევრებმა ყველა საკითხს დაუჭირეს მხარი.