დავით საგანელიძემ რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან 3000-ზე მეტი ფიჭვის ნერგი თბილისს აჩუქა

980

“საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან უნიკალური ჯიშის 3000-ზე მეტი ფიჭვის ნერგი გამწვანების მიზნით, თბილისს აჩუქა. ინფორმაციას სს “საპარტნიორო ფონდი”ავრცელებს.

“საპარტნიორო ფონდის” ცნობით, ფიჭვის ნერგები თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიასა და ლისის ტბის მახლობლად, „ფრანგული კინო-სკოლის“ ფილიალის ტერიტორიაზე დაირგა.

ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა მიიღეს “საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლებმა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, „ჰუალინგ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ვანგ შენგსინმა და ფრანგული კინო-სკოლის დირექტორმა, რეჟისორმა თემურ ბაბლუანმა.

დავით საგანელიძის განცხადებით, მისი ინიციატივა მიზნად ისახავს თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ზოგადად, თბილისის გარშემო რეკრეაციული ზონის გაფართოებაში წვლილის შეტანას.

“მეხუთე წელია გრძელდება ეს ტრადიცია. ჩემი ეზოდან გადმომაქვს ნერგები და ამ აქციით ვცდილობ, ჩემს შვილებთან ერთად, მცირეოდენი წვლილი შევიტანო თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ მწვანე საფარის შენარჩუნებაზე, რათა ჩვენც და ჩვენმა შვილებმაც ჯანსაღი, სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ“, – განაცხადა “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ პრესსამსახურის ცნობით, საგანელიძე უკვე მეხუთე წელია რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგებს თბილისის შემოგარენში რგავს.

“გაამწვანე შენი ქალაქი“ აქციას ტრადიციას საფუძველი კომპანია „ჰუალინგის“ პრეზიდენტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რაჭაში სტუმრობის დროს ჩაეყარა. თბილისის ზღვაზე „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ათი ათასობით უნიკალური ჯიშის ნერგი უკვე დაირგა.

დავით საგანელიძემ 5000-მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი გასულ წელს თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო. გამწვანებულ ზონას „რაჭის ხეივანი“ დაერქვა. უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი ლისი დეველოპმენტის ტერიტორიაზე მდებარე რეზო გელაშვილის სახელობის პარკშიც დაირგა. გასულ წელს აქციაში მონაწილეობა თბილისის ხელისუფლების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, „თიბისი ბანკისა” და “ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა მიიღეს. ხეების დარგვის პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება“, – ნათქვამია “საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციაში.