ზუგდიდიში ფერმერებს აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა გააცნეს

744

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფერმერებისთვის გაცნობის მიზნით,საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ზუგდიდში მეწარმეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

„პროგრამის მიზანია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა, არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისა და მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა აგროწარმოებაში. პროგრამის პრიორიტეტია ქალების და ახალგაზრდების ჩართულობა“, – თქვა ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელმა ნათია ნინიკელაშვილმა.

ადგილობრივ ფერმერებთან იმუშავებს პროგრამის რეგიონის მობილიზატორი, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაბამის კონსულტაციებს გაუწევს.

პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ სოფლად გააშენონ ხურმის, ვაშლის, ატმის, კაკლის, ბოსტნეულის, დაფნის, კენკროვანი კულტურების ბაღები, ყვავილების კულტურები, გადაიარაღონ სასათბურე მეურნეობა, მოაწყონ მეფუტკრეობის მეურნეობები.

პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 პროცენტის დაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამა ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ა(ა) იპ “სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო” “ერთიანი აგროპროექტის” ფარგლებში ახორციელებს.