ზუგდიდში ბერიას ქუჩისთვის გიგა ოთხოზორიას სახელის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან

1070

ზუგდიდში, ლავრენტი ბერიას ქუჩის მცხოვრებლებს არ სურთ, მათ ქუჩას სახელი შეუცვალონ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ისინი ეწინააღმდეგებიან ინიციატივასაც, რომ ლავრენტი ბერიას ქუჩას, ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელი მიანიჭონ.

ქუჩაზე გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ ლავრენტი ბერია მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, რომელმაც საბჭოთა პერიოდში საქართველოს სასარგებლოდ არაერთი გადაწყვეტილება მიიღო. ლავრენტი ბერიას ქუჩა მანამდე საბჭოთა კოსმონავტის, იური გაგარინის სახელს ატარებდა.

ლავრენტი ბერიას ქუჩაზე ნუმერაციისა და სახელწოდების აღმნიშვნელი აბრების უმრავლესობაზე ჯერ კიდევ ძველი სახელია შემორჩენილი. თუ კი რაიმე სახის ცვლილებაზე იქნება საუბარი, ერთადერთი დათმობა, რაზეც ბერიას ქუჩის მცხოვრებლები წასვლას გეგმავენ, ქუჩისთვის იური გაგარინის სახელის დაბრუნებაა.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა რაშიდ კანჯიოღლიმ მოკლა.

რამდენიმე თვის წინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ იმ წესების შესამუშავებლად დაიწყო მუშაობა, რომელმაც ქუჩებისა და გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელების გადარქმევის და ახლის მინიჭების საკითხი უნდა განსაზღვროს.