ოზურგეთის ქუჩებში მოხეტიალე პირუტყვს სპეციალურ ადგილზე გადაიყვანენ

146

ოზურგეთში, ქუჩებში მოხეტიალე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვს მერიის მიერ სპეციალურად მოწყობილ ადგილზე გადაიყვანენ, ხოლო თუ მფლობელი ჯარიმას არ გადაიხდის, გაყიდიან. ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ ახალ დადგენილებაში წერია. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

„ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე და ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე მდებარე მოედნებსა და ქუჩებში მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე/მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას, რომლის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპეციალურად მოწყობილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით“-წერია ოზურგეთის საკრებულოს დადგენილებაში.

დოკუმენტის თანახმად, იზოლატორში გადაყვანილი ცხოველის ყოველდღიური მოვლის ხარჯი 10 ლარია. პირუტყვის გამოკვების თანხა კი დღეების მიხედვით, ჯარიმასთან ერთად, უნდა გადაიხადოს მფლობელმა. წინააღმდეგ შემთხვევაში პირუტყვს საბაზრო ფასად გაყიდიან.

რაც შეეხება ჯარიმის ოდენობას, პირუტყვის მფლობელი 50 ლარით დაჯარიმდება. მესაკუთრეს დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად 30 დღის ვადა ეძლევა. შესაბამისად, თუ მფლობელი პირუტყვს სპეციალური სადგომიდან ვადის მაქსიმუმის გასვლამდე არ გამოიყვანს, ჯამში 350 ლარის გადახდა მოუწევს.

ოზურგეთის საკრებულომ შინაური ცხოველების – ძაღლისა და კატის ყოლის წესიც დაამტკიცა.