საკრებულოს სხდომაზე თბილისში უკანონო მშენებლობების საკითხზე იკამათეს

176

საკრებულოს სხდომაზე თბილისში უკანონო მშენებლობების საკითხზე მსჯელობისას იკამათეს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დედაქალაქში უკანონო მშენებლობების საკითხი დასვა და უმრავლესობის დეპუტატებისგან ამ მშენებლობების შესაჩერებლად მხარდაჭერა ითხოვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ხაბეიშვილის თქმით, პალამენტის წევრი ივლიანე წულაია და მისი ბიზნესი „არქი–ჯგუფი“ თბილისის რამდენიმე ქუჩაზე უკანონოდ აშენებს.

„საკრებულოს დეპუტატებს გეკითხებით, როდის შეიძლება, რომ თქვენ გქონდეთ რეაქცია იმ უკანონობაზე, რომელიც დედაქალაქში მიმდინარეობს და ამას ახორციელებს კახა კალაძის და ივლიანე წულიას ასე ვთქვათ საძმაკაცო. პირდაპირ ვთქვათ, რომ კახა კალაძე და ივლიანე წულაია მეგობრები და ბიზნესპარტნიორები არიან, ეს დაფარული არავისთვის არ არის. მოგეხსენებათ ერთად იმყოფებოდნენ ვიზიტით ისრაელში. ივლიანე წულაია და მისი ბიზნესი „არქი–ჯგუფი“ აწარმოებს უკანონო მშენებლობას რამდენიმე მისამართზე. მათ შორის საუბარია ჩაჩავას 4 ნომერზე და თავდადებული–პეტრიწის ქუჩების გადაკეთაზე მიმდინარე მშენებლობაზე, „არქი ჯგუფი“, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ბატონი წულაია ადამიანებზე ყიდის ჰაერს, რადგან მშენებლობის ნებართვა არ აქვს. დარეკავ კომპანიაში და გეტყვიან, რომ 4 კორპუსი 2019 წელს დამთავრდება. ზედმიწევნით კარგად იციან როდის დაიწყება მშენებლობა, როდის დასრულდება, თუმცა მშენებლობის ნებართვა არ აქვთ. ამის მიუხედავად საძირკველი გათხრილია და სამუშაოები იქ ნაწარმოებია. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსისგან ვითხოვ პასუხს, რამდენით არის დაჯარიმებული და თუ არსებობს ოფიციალური დოკუმენტაცია, რომ ეს მშენებლობა შეჩერებულია. წულაიამ წინასწარ იცის, ვინაიდან კახა კალაძის მეგობარია, რომ ნებართვას მისცემს. ეს არის კლანურ–მაფიოზური კორუფციული მმართველობის კლასიკური მაგალითი“, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა და მოუწოდა საკრებულოს უმრავლესობას ამოიღონ ხმა ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებზე.

ხაბეიშვილს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ მოუწოდა, რომ არ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში. საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რეზი სოხაძემ კი განაცხადა, რომ არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე და ლევან ხაბეიშვილის განცხადებები არაკომპეტენტურია.

თბილისის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს.