რა გეგმები აქვს სამცხე-ჯავახეთის ახალ გუბერნატორს? – ინტერვიუ კახა სამხარაძესთან

1032

რეგიონის ინფრასტრუქტურა, სამხარეო ადმინისტრაციის კადრები, ხე-ტყის უკანონო ჩეხვა, უპატრონო ძაღლები და ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენები – როგორ აფასებს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ახალი გუბერნატორი კახა სამხარაძე. მისგან ინტერვიუ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭემ” აიღო.

პირველი შეხვედრა, ჩამოსვლისთანავე, მუნიციპალიტეტების მერებთან გამართეთ, რა მოისმინეთ მათგან, რა მდგომარეობა დაგხვდათ რეგიონში?

გაკეთებულია 2018–2021 წლების სამოქმედო გეგმა. 2018 წლის პროექტები, რომლებიც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, დაკორექტირებული და სრულყოფილია. ამ პროექტებზე გამოცხადებულ ტენდერებში ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, მუშაობისას პრობლემა არ შეექმნება. გასულ წლებში იყო შემთხვევები, როცა პროექტები სრულყოფილი არ იყო, ამის გამო კი სამუშაოების ვადები იწევდა, არადა სამცხე–ჯავახეთში კლიმატური პირობების გამო, მუშაობისთვის ძალიან ცოტა დროა, ამიტომ თავიდანვე სწორად დაგეგმილ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

რა არის თქვენთვის რეგიონში მთავარი გამოწვევა? 

ხალხის დასაქმება, ასევე, ზოგადი სოციალური ფონის გაუმჯობესება და სამუშაო ადგილების შექმნა, რაც კერძო სექტორის განვითარებაზეა დამოკიდებული.

რეგიონი კულტურულ–ისტორიული თვალსაზრისით უნიკალურია. ამ მიმართულებით განვითარება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია. აბასთუმანში ისტორიული შენობების რეაბილიტაცია იწყება, ადიგენიდან აჭარაში გზა კეთდება, ეს ყველაფერი კერძო ინვესტორებს რაღაცის კეთების სურვილს გაუჩენს. ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ კერძო სტრუქტურები განვითარდეს.

აქცენტს, ტურიზმზე აკეთებთ, მაგრამ მაინც, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით აქვს რეგიონს განვითარების მეტი შანსი?

ტურიზმი და სოფლის მეურნეობა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. სოფლის მეურნეობა განვითარდება მაშინ, როცა მისი საყრდენი იქნება ადგილობრივი ბაზარი, ამისთვის კი ბევრი ტურისტი უნდა შემოვიდეს. ტურისტი რომ შემოვიდეს, იმას უნდა ჰქონდეს ღამის გათევის, ასევე, ადგილობრივი პროდუქტების შეძენის საშუალება. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული.

ინვესტიციების მოზიდვა რა მიმართულებით შეიძლება?

როგორც უკვე გითხარით, რეგიონის განვითარების გეგმა დამხვდა, თუმცა მისი გაცნობა ბოლომდე ჯერ ვერ მოვასწარი. ამიტომ მუნიციპალიტეტებს როცა შემოვივლი და რაღაცეებს ჩემი თვალით ვნახავ, უკეთ ჩამოვყალიბდები ამაზე. ამის შემდეგ გავაკეთებ ჩემ შეფასებას და შევთავაზებ ხელისუფლებას.

ვიდრე რეგიონს გაეცნობოდეთ, საკადრო ცვლილებებს თუ გეგმავთ?

ჯერჯერობით არა, სამხარეო ადმინისტრაცია გამართულად მუშაობს. შესაძლოა, ფუნქციებისა და დავალებების გადანაწილების კუთხით შევცვალო რაღაც. ვაკანტური ადგილებიც გვაქვს, თავისუფალია ერთი მოადგილის, ასევე ადმინისტრაციის უფროსის პოზიცია. გარდა ამისა, გვაქვს სპეციალისტების ადგილებიც. ჯამში, ოთხი, ან ხუთი ვაკანტური ადგილი გვექნება. ამ პოზიციებზე შესაძლოა ვინმე დავიმატოთ.

მეორე მოადგილე შერჩეული გყავთ?

ჯერ მოაზრებული ამ პოზიციაზე არავინ მყავს. სამხარეო ადმინისტრაციის ფუნქცია, იმ პროექტების კოორდინირებაა, რომლებსაც რეგიონში მუნიციპალური განვითარების ფონდი, ან სხვადასხვა სამინისტრო ახორციელებს. ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურაა, ამიტომ მეორე მოადგილე ვინც იქნება, მთავარია, ინფრასტრუქტურის საკითხებში კარგი სპეციალისტი იყოს.

როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნეთ, როგორც მაშინ ადგილობრვი მედია წერდა, სამი კომპიუტერი და 200 ლარის ყავა შეიძინეთ. აქ რის ყიდვას აპირებთ?

მე რომ გორში მივედი, საკმარისი კომპიუტერები არ იყო, მაშინ ტენდერით ყიდულობდნენ ამ ტექნიკას, ეს პროცესი დაძრული იყო უკვე, მე მხოლოდ ხელი მოვაწერე დოკუმენტებს. ყავას რაც შეეხება საერთოდ არ ვსვამ. ეტიკეტია სტუმრებისთვის შეთავაზება, ამიტომ მთელი წლის მარაგი ვიყიდეთ. აქ კომპიუტერის შეძენას არ ვაპირებ, მშვენიერი კომპიუტერი დამხვდა.

იქ მერე იყო ამბებიც იმაზე, რომ ბევრ წყალს ვხარჯავდი და თურმე მანქანა რომლითაც გადავადგილდებოდი ბენზინს წვავდა.

დიახ, მანქანების მხოლოდ ტექნიკური მომსახურებისთვის შიდა ქართლში გუბერნიამ 22 ათას ლარზე მეტი დახარჯა

პარკი იყო ძველი, ჩემ მანქანაში ისხდნენ მოადგილე, პიარი და აშ… გაწერილი რაც იყო ტენდერით იმ თანხის ოდენობას არ გავცდენივართ. ჩემი იქ მუშაობის პერიოდში ნებისმიერი შესყიდვა რაც განხორციელდა, სამხარეო ადმინისტრაციის საჭიროებებიდან გამომდინარეობდა და კანონი არ დაგვირღვევია.

ახალციხეში რომ დავბრუნდეთ, ქალაქში ფეხით თუ გაგივლიათ?

კი, დილაობით ვვარჯიშობ–ხოლმე, საღამოობით ფეხით დავდივარ, ამის პრობლემა არ მაქვს.

გორში ერთ–ერთ გადაცემაში თქვით, რომ ქუჩაში ძაღლები გამოგეკიდნენ და ამის შემდეგ ძაღლების თავშესაფრის მოწყობის ინიციატივით გამოხვედით. ეს პრობლემა წლებია ახალციხეშიც დგას, ალბათ შეამჩნევდით. აქაც ხომ არ იქნებით თავშესაფრის მოწყობის ინიციატორი?

რატომაც არა, ჯერ მოვიკითხავ რა მდგომარეობაა. გავერკვევი რა ხდება. სტატისტიკა უნდა ამოვიღოთ. ფაქიზი საკითხია. იქაც ჯერ დავასრულეთ თემის მოკვლევა და მერე გამოვიტანეთ საჯარო განხილვაზე. შესაძლოა, ისე მწვავედ არ დგას პრობლემა აქ როგორც სხვაგანაა.

რეგიონში რელიგიური კონფლიქტების შესახებ მინდა გკითხოთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ადიგენში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის სამი რელიგიური კონფლიქტი მოხდა. როგორია თქვენი დამოკიდებულება?

ქართველები ზომაზე მეტად ტოლერანტები ვართ. ჩვენ ქვეყანაში არცერთი ეროვნების და კონფესიის ადამიანს ცხოვრება არ გასჭირვებია, ამიტომ, მგონია, რომ შეიძლება, ბევრი კონფლიქტი ხელოვნურად იყოს წარმოქმნილი. ყველა აღმსარებლობის მქონე ადამიანს უნდა ჰქოდნეს ლოცვის საშუალება, სხვანაირად არ შეიძლება.

მაგალითად, მოხეში, როგორც ვიცი, სამთავრობო შეთანხმება მოხდა და მიიღეს გადაწყვეტილება, სადავო შენობა ისტორიულ ძეგლად დარჩენილიყო. ვფიქრობ, ეს კარგი გამოსავალი იყო.

ფიქრობთ, რომ ამით მოხეში პრობლემა გადაიჭრა?

ვფიქრობ, ამ ეტაპზე მოგვარებულია პრობლემა, მაგრამ თუ რაღაცა იქნება, შეიძლება დაჯდომა, დალაპარაკება და გადაწყვეტილების მიღება. განსხვავებული აზრების მოსმენა არ უნდა მოგვერიდოს. შემდეგ ეს უნდა გავაანალიზოთ და გადაწყვეტილებები ისე მივიღოთ.

რამდენად ღია იქნებით ასეთი ურთიერთობებისთვის?

ძალიან ღია ადამიანი ვარ, მიყვარს აქეთ–იქით სიარული, ოღონდ უაზროდ არა. როცა რეგიონში რაღაცა კეთდება, მირჩევნია მივიდე და ჩემი თვალით ვნახო. აქ მიღების დღეები კვირაში ორჯერ ყოფილა, მაგრამ მზად ვარ მოქალაქეებს სხვა დღეებშიც შევხვდე. ასევე, მირჩევნია, სოფლებში ვიარო და იქ შევხვდე ხალხს, პრობლემები ადგილზე ვნახო.

თქვენს წინა მორბედს, იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც ხე–ტყის გადატანის დროს მანქანები ჩამოართვეს, საპროტესტო აქცია სამჯერ გაუმართეს. ადგილობრივები შვიდ თვეზე მეტია, საქმეების დროულად გამოძიებას ითხოვენ…

ეს პრობლემა არ ვიცი. პროკურატურა აჭიანურებს ამ პროცესებს? აუცილებლად მექნება კომუნიკაცია პროკურატურასთან. ყველაფერს აქვს თავისი ვადა, რვა და შვიდი თვე ძალიან ბევრია, მაგრამ უკანონობასაც ვერ დავუჭერთ მხარს.

ხის ჩეხვამ რეგიონში რაც გამოიწვია, უკვე ვნახეთ დერცელში, მეწყერი სწორედ იმ ადგილზეა ჩამოწოლილი სადაც ხეებია გაჩეხილი.
რაც მე ვნახე ასეა, ბუნება არ გვაპატიებს არაფერს. მაქსიმალურად მოკლე ვადაში ვეცდებით იქ შემოვლითი გზის გაკეთებას. ამ საპროტესტო აქციების ამბავს კი მოვიკითხავ.

რეგიონში, ბოლო პერიოდში, კიდევ ერთი ხმაურიანი პროცესის შესახებ მინდა გკითხოთ. იმ დღეს, როდესაც თქვენ სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციაში გადმოხვედით, ბორჯომის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია. როგორ ფიქრობთ, ჩაჩანიძის იმპიჩმენტის შემდეგ, ბორჯომს ისევ ოპოზიციური საკრებულო ჰყავს?

ახალი თავმჯდომარეც „პატრიოტთა ალიანსიდანაა“, ჩაჩანიძის გადაყენება საკრებულომ გადაწყვიტა.

არ იყო ეს ზემოდან მიღებული დავალება?

ეს იყო საკრებულოს გადაწყვეტილება, „ოცნება“ მანდ არაფერ შუაშია. რასაც ვადევნებდი თვალყურს, მერია იყო პარალიზებული, ხელფასები არ ჰქონდათ. ბევრი საკითხი იყო, რაზეც საკრებულოს თანხმობა სჭირდებოდა მერიას.

ზაზას ვიცნობ კაი ხანია, ჩაჩანიძეს. მგონია, რომ რაღაც დაჩაგრულის მანტია შემოისხა, „ოცნება“ მაგ საკრებულოში დაჩაგრულია.

და ბოლოს როდის აპირებთ რეგიონის შემოვლას? 

ხვალ და ზეგ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მივდივარ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრები მექნება. ადგილზე რომ გაიცნობ ადამიანებს უკეთესია, ნათქვამია, ყვავილი, სადაც მისი ადგილ–წარმოშობაა იქ უფრო ლამაზია, ვიდრე წამოღებული და სხვაგან ნანახი.

ხეებიც?

ხეებიც. იქ უფრო ნახულობ იმის ნამდვილობას, ადგილზე ჯობია მისვლა და გაცნობა.