ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” შესახებ სამუშაო კომისიაზე იმსჯელეს

წინა სტატია

სამთავრობო ინიციატივაზე “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” სამუშაო კომისიამ იმსჯელა, მათ დღეს სამოქმედო გეგმა განიხილეს თუ როგორ უნდა აღსრულდეს კანონი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს იმედი აქვს, რომ მთავრობის ინიციატივას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება.

უახლოეს მომავალში ცვლილებათა პაკეტზე საკომიტეტო ფორმატში გაგრძელდება განხილვები.

“ამ პაკეტის გასაჯაროებას ცხადია, წინ უძღოდა სხვადასხვა ჯგუფთან კონსულტაციების ძალიან ხანგრძლივი პერიოდი. ვიცი, რომ არსებობს რაციონალური ინტერესი, ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ ბევრი საკითხის გადაჭრა შევძლოთ პოლიტიზირების გარეშეც, იმიტომ რომ ხშირად პრაქტიკაში სწორედ ასეთი დამოკიდებულება უშლის ადამიანების კეთილდღეობაზე მიმართული ბევრი კარგი ინიციატივის განხორციელებას”, – თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილ კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები შედიან.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, შეხვედრაზე დაისახა სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა დაიწყოს ინიციატივის აღსრულება.

“დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ ის ახალი ინიციატივები, რომლის ფარგლებშიც საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 4 აპრილს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივის იმპლემენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. იქნება საპარლამენტო განხილვები, უახლოესი ბიუროს სხდომაზე ჩაინიშნება ცვლილებათა პაკეტის განხილვის გრაფიკი. თუმცა, გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, აღნიშნულ ინიციატივას ასევე გააჩნია ინფრასტრუქტურული, ფინანსური და ა.შ. კომპონენტებიც. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი უწყებები ჩართულნი იყვნენ მის იმპლემენტაციაში, განისაზღვროს შემდგომი ნაბიჯები და კომპეტენციის მიხედვით მათი ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა გაიწეროს“ , – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის 4 აპრილის სხდომაზე ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზებსა და ოსებს სთავაზობს. პრემიერის თქმით, ეს ინიციატივა ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.

მსგავსი სიახლეები