განმუხურის მოსახლეობა უფასო გაზიფიცირებას ითხოვს

757

“სოკარ ჯორჯიამ” გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში – ორსანტიაში, კოკსა და ხურჩაში, მოსახლეობას ბუნებრივი აირი სახლებში უსასყიდლოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით შეუყვანა. იმავეს ითხოვენ სოფელ განმუხურის მცხოვრებლები. გაზი შეყვანილი არც ანაკლიაშია.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ, რომელიც სხდომას უძღვებოდა, აღნიშნა, რომ საკითხს შეისწავლიან. მანვე დაადასტურა, რომ იყო საუბარი განმუხურის გაზიფიცირების საქმეში ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებაც.

როგორც “ლაივპრესი” წერს, განმუხურის მოსახლეობა ამ საკითხის გარკვევას 10 აპრილს საკრებულოს სხდომაზე შეეცადა, თუმცა, კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო. ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ წერილი, შუამდგომლობის ტექსტთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროში გააგზავნეს.

კომპანია „სოკარის“ ზუგდიდის სერვისცენტრში კი აცხადებენ, რომ განმუხურის უფასოდ გაზიფიცირების დაპირება არ ყოფილა. სერვისცენტრის მენეჯერ გიორგი დარსანიას თქმით, კომპანიაში არ იციან, თუ რატომ დარჩა განმუხური და ანაკლია გაზიფიცირების გარეშე, ან რის მიხედვით შეირჩა ის სამი სოფელი, სადაც გაზი უსასყიდლოდ შეიყვანეს.

„არის 400-ლარიანი განვადება აბონენტზე, რომელიც წელიწადნახევარში დაფარავს 25 ლარით თვეში“, – თქვა გიორგი დარსანიამ და განმარტა, რომ მოსახლეობას შეუძლია ამ სერვისით ისარგებლოს. იგეგმება თუ არა განმუხურის უფასოდ გაზიფიცირება, მან არ იცის.

ამ საკითხის გარკვევას „ლაივპრესი“ ეკონომიკის სამინისტროში ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა, პასუხი უწყებისგან ვერ მიიღო.

მოქალაქეები განმუხურის, როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის, გაზიფიცირებას უფასოდ ითხოვენ. შესაბამისი განცხადებით, რომელსაც ხელს 200 მოქალაქე აწერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს მიმართეს. მათ ხელისუფლებას წინასაარჩევნო დანაპირებიც შეახსენეს.