KFW და ბათუმის მერია ხელშეკრულებას გააფორმებენ

671

გერმანიის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენლები ბათუმის მერიაში შეხვედრას გამართავენ. ბათუმის მერი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშს წარადგენს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

შეხვედრაზე ბათუმის მერიასა და კომპანია ,,პოშ ენდ პარტნერს“ შორის ინფრასტრუქტურული პროექტის III და IV ფაზების განმახორციელებელი კონსულტანტის მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

პროექტი ქალაქის ტერიტორიაზე წყლის, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების რებილიტაციასა და გამართვას გულისხმობს. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელება 2005 წელს დაიწყო და 2021 წელს უნდა დასრულდეს.

პროექტის ფარგლებში სამუშაოები დაყოფილია ოთხ ფაზად. ამ ეტაპზე IV ფაზის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ბონი-გოროდოკისა და თამარის დასახლების წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სესხითა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 170 მილიონი ევროა.