აბასთუმანი ახალი სიცოცხლის მოლოდინში (ფოტო/ვიდეო)

მიტოვებული ისტორიული შენობები, სახეშეცვლილი სააგარაკე სახლები და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ნგრევის პირასაა. შენობების ისტორიები აბასთუმანში, რომლის აღდგენაზეც სახელმწიფო ოთხ მილიონამდე ლარს დახარჯავს. ამ თემაზე სპეციალური რეპორტაჟი “სამხრეთის კარიბჭემ” მოამზადა.

აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე, N56–ში მწვანე, ორსართულიანი შენობა დიდი შუშაბანდითა და რუსული არქიტექტურით, ათობით დამსვენებელს იტევდა. აქ რამდენიმე ათეული წლის წინ, სანატორიუმი ფუნქციონირებდა. მე-19 – მე-20 საუკუნეების მიჯნაზე აგებული შენობა ახლა იმდენად ავარიულია, რომ შიგნით შესვლა სახიფათოა, ჩანგრეულია იატაკი, სახურავი, დაბზარულია კედლები.

„ამ ქუჩაზე ეს ყველაზე დიდი შენობაა. სანატორიუმის შემდეგ მანდ ტუბერკულიოზის საავადმყოფოს მეორე კურპუსი იყო და მამაკაცები ისვენებდნენ. 15 წელი მაინც იქნება, რაც ასე ცარიელია“, – გვიყვება აბასთუმანში მცხოვრები 81 წლის თინა ნათელაშვილი – „40 წელი “კურორტ სამმართველოში“ ვმუშაობდი, ყველა სახლის ისტორია ზეპირად ვიცი. მაშინ ყვაოდა აბასთუმანი, ახლა კიდევ ინგრევა“.

„ცისარტყელას“ გვერდით, ჩამონგრეული ფანჯრებითა და დაბზარული კედლებით, კიდევ ერთი მიტოვებული შენობა დგას. აქ სახელმწიფო ბანკი ყოფილა განთავსებული და წლების განმავლობაში ათი სანატორიუმის დამსვენებლებს ემსახურებოდა. ახლა შენობას ბოძები აქვს შეყუდებული, კარს რკინის ბოქლომი ადევს. ჩამსხვრეული მინიდან კი შიგნით, იატაკზე დაყრილი დოკუმენტები და რკინის დიდი სეიფი ჩანს.

ყოფილ ბანკთან, რუსული არქიტექტურული სტილისთვის დამახასიათებელი აივნებით, ასევე ავარიული, ორსართულიანი შენობა დგას. ახლა აქ მეორე სართულზე საცხოვრებელი ბინები, პირველზე კი ადიგენის მერის წარმომადგენლის კაბინეტია.

„ადრე, გაზაფხულზე, ამ შენობის უკანა მხარე ჩამოინგრა. მადლობა ღმერთს, სახლში არავინ იყო. მას შემდეგ ბინები დაკეტილი აქვთ. მხოლოდ ალიოშა აგაბაბოვი ჩანს–ხოლმე და ზამთრობით ისიც შვილთან მიდის“, – გვიყვება თინა ნათელაშვილი.

აბასთუმანში, ამ შენობების ისტორია მე–19 საუკუნის ბოლოს რუსეთის დიდი მთავრის გიორგი რომანოვის ჩამოსვლას უკავშირდება. მაშინ გიორგი ალექსანდრეს ძე რომანოვი კურორტზე ფილტვების მძიმე დაავადების სამკურნალოდ დასახლდა. საგანგებოდ უფლისწულისთვის აშენდა სამკურნალო თერმული წყლების აბანო და სასახლე, სადაც მოგვიანებით სანატორიუმი ფუნქციონირებდა.

სწორედ იმ პერიოდში, მე-19–მე-20 საუკუნეების მიჯნაზეა აგებული აბასთუმანში, საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილიც. რუსთაველის ქუჩაზე კერძო სააგარაკე აივნიან სახლებს იმ დროის ხის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობები და ქანობიანი სახურავები აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ თითქმის საუკუნის წინ ეს შენობები მდიდარ დამსვენებლებს ეკუთვნოდათ, ახლა ნაწილი კერძო საკუთრებაში, ნაწილი კი სახელმწიფოს ბალანსზეა. თუმცა, ძველი ისტორიული შენობების მსგავსად, ისინიც ნგრევის პირასაა, ზოგიერთი კი ისე ჩამოიშალა, რომ აღდგენაც შეუძლებელია.

რუსთაველის ქუჩაზე 18 ისტორიულ შენობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ის ტერიტორიები, სადაც ეს შენობები დგას, 84 ერთეულადაა დაყოფილი, აქედან ოთხი სახელმწიფოს, 80 კი კერძო საკუთრებაშია.

წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ამ შენობების რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებისთვის 3 715 305 ლარია გათვალისწინებული. ადგილობრივებმა ეს ამბავი უკვე იციან და ამბობენ, რომ ავარიულ სახლებს რეაბილიტაციამ „სულზე მოუსწრო“.

„წლებია ამ დღეს ველოდებით, ძალიან ცუდ დღეშია შენობები. შიგნიდან ვამაგრებთ, მაგრამ გარედან ამის უფლებას არ გვაძლევენ. ახლა 63 წლის კაცი ვარ და აქ მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. მინდა, რომ გალამაზდეს დაბა, მერე მეტი ტურისტიც მოვა“, – ამბობს ზაურ სახელაშვილი, რომელიც რუსთაველის N66-ში, 130 წლის წინ აშენებულ სახლში ცხოვრობს.

სახელაშვილების მსგავსად წლებია შენობის რეაბილიტაციას ელოდება, მათ მეზობლად მცხოვრები ექვსი ოჯახიც: „47 წელია აქ ვცხოვრობ. მტერსაც არ ვუსურვებ ჩვენ დღეში ყოფნას. სახლი ავარიულია და თან უკან კლდე ინგრევა, ქვები ცვივა ზემოდან, გვპირდებიან გაკეთებას და აღარ დაადგა საშველი. წასასვლელი რომ მქონდეს გავიქცეოდი“, – გვიყვება თინათინ ყვარელიანი.

რუსთაველის N68–ში, რომელშიც წლების წინ სასტუმრო იყო ცნობილი მხატვრები ისვენებდნენ, ახლა ნაწილი ბიბლიოთეკას უკავია, ნაწილი კი ხუთი ოჯახის საკუთრებაა: „ძველად ამ სახლში რუსი მხატვარი მიხაილ ნესტეროვიც ცხოვრობდა, მან მოხატა აბასთუმნის ეკლესია“, – გვიყვებიან ადგილობრივები.

რუსთაველის N94–ში, პირველ სართულზე, წლების წინ პოლიკლინიკა იყო, მეორე სართულზე კი ექიმები ცხოვრობდნენ. დღეს შენობა რვა ოჯახის საკუთრებაა. ფასადს ძველი იერსახე ისევ შერჩენილი აქვს, უკანა ნაწილი კი ავარიულია.

„უკანა მხარეს ისეთი მდგომარეობაა, რომ შეიძლება ვინმე დაშავდეს. სახლში მეორე სართულიდან მტვერი ჩამომდიოდა და ცელოფანი ავაკარი. რეაბილიტაცია დროული კი არა დაგვიანებულიცაა“, – ამბობს რუსთაველის N94–ში ელზა დალაქიშვილი.

ადგილობრივების ნაწილმა, ვიდრე აბასთუმნის ისტორიული სახლების რეაბილიტაციის საკითხი გადაწყდებოდა, ავარიულ შენობებს ფასადები შეუცვალა. მაგალითად, რუსთაველის N96-ში ახლა კაფე „ოჯახური“ და სასტუმროა განთავსებული: „თუ ძველ იერსახეს აღუდგენენ გაგვიხარდება. რაღაც ნაწილი უნდა მოანგრიონ, მაგრამ ამაზე პრობლემა არ გვექნება“, – აცხადებს მესაკუთრე.

აბასთუმანში ისტორიული შენობების რეაბილიტაცია 20 აპრილიდან დაიწყება, მოსამზადებელი სამუშაოები კი უკვე მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ერისიმედმა“ და შპს „კამარომ“ გაიმარჯვა. შენობების რეაბილიტაციისთვის 3 715 305 ლარია განსაზღვრული. სამუშაოები 18 თვეში დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს ძველი დაზიანებული სახურავების, ხის სახურავების და კონსტრუქციების, კარებებისა და ფანჯრების, დაზიანებული იატაკების, აივნების ჭერის და კიბეების დემონტაჟს. რეაბილიტაციის შედეგად სახლები გადაიხურება თუნუქის ახალი სახურავებით, ხოლო მოჩუქურთმებული ხის აივნების დაზიანებულ ნაწილებს მსგავსი დეტალებით ჩაანაცვლებენ. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ამ სახლებს შორის მდებარე ბულვარებსაც, ტროტუარები ბაზალტის ფილებით მოპირკეთდება, ასევე, მოეწყობა ღამის განათება.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რეაბილიტირებული საკუთრების მოვლა პატრონობის თაობაზე მესაკუთრეებთან ხელშეკრულებებს გააფორმებს.

მსგავსი სიახლეები
სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ ავტორი: ელისო ჯანაშია ფოთის წყალარინების სისტემას საბოლოოდ მაინც ის ევროპული და
ქუთაისის მერია ყოფილი მუზეუმის შენობაზე 7 000 ლარიანი ბანერის განსათავსებლად ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, კომპანიონ ცხოველთა რეგიონული თავშესაფრის მშენებლობისათვის, ელექტრონულ ტენდერს
როგორც თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ განაცხადა, ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავების
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუდაურში, კობსა და ბაკურიანში ავტოსადგომების პროექტირებასა
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირხონისში, ლაგვანთაში, ღარსა და ნიგვზნარაში ახალი ამბულატორიები აშენდება. ახალი ამბულატორიების მშენებლობაზე 210
წინა სტატია თბილისის მერია ავტობუსის ფერის შესარჩევად ფეისბუქზე გამოკითხვას ატარებს. მერია მოქალაქეებს ავტობუსის 2 ფერს
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან დაფინანსებულ  210  პროექტზე ამ დროისთვის სხვადასხვა სახის სამუშაო მიმდინარეობს. საერთო ჯამში
მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. აჭარის ფინასნთა და ეკონომიის სამინისტროს ინფრომაციით,
ახალციხის მერიამ ქალაქში მდებარე ხელოვნურ ტბაზე არსებული ნავმისადგომის რეაბილიტაციასა და ნავებისთვის ახალი ბაქანის მოწყობაზე 22
ქვეშის საბავშვო ბაღს USAID-ის პროექტმა "ზრდა“ რეაბილიტაციის პროექტი გადასცა. "პროექტი საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო ნაწილის
ქუთაისის მერია ნაგვის კონტეინერების შეძენისთვის 70 000 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი მერიამ  უკვე  გამოაცხადა. წინადადებების
წინა სტატია ქუთაისში, რიონისპირა სახლების პროექტის ფარგლებში, 41 სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტი ტურისტულად მიმზიდველი გარემოს
ზღვისპირა სოფელი, სადაც მოსახლეობა მოუწესრიგებელ გზაზე გადაადგილდება. ციხისძირში მცხოვრებლები ინფრასტრუქტუის კეთილმოწყობას წლებია ითხოვენ. რატომ არ
%d bloggers like this: