ნაციონალები: ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდებათ

917

“ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი 100 ლარით გაზრდილიყო” ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ თქვა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ორგანიზაციის წევრებმა მერიის წინ დღეს აქცია გამართეს და ავტომანქანების მომსახურებისათვის გაზრდილი ხარჯები გააპროტესტეს.

“2018 წელს ავტომობილების შეკეთებაზე 340 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნულ თანხაზე მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი და გამოავლინა გამარჯვებული. ასევე ქუთაისის მერია 2018 წელს გეგმავს მოიხმაროს 440 000 ლარის საწვავი. ჯამში, ქუთაისელებს მერიის ავტომობილების შენახვა წელს 800 000 ლარამდე დაუჯდება, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასი გაზრდილიყო 100 ლარით”, – ამბობენ ნაციონალების ქუთაისის ორგანიზაციის წევრები.

„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ქუთაისის მერიას სასწრაფოდ გააუქმოს აღნიშნული ტენდერი და გაყიდოს მერიის ავტოპარკი, “რაც ბიუჯეტს საშუალებას მისცემს დაზოგოს მნიშვნელოვანი თანხები და საკუთარი კომფორტის ნაცვლად, ის მოხმარდეს ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებას“-განაცხადა საკრებულოს წევრმა გიგა შუშანიამ.

შუშანიას თქმით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას 70 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ემსახურება, მათ შორის 6 მაღალი გამავლობის ჯიპია.