ბათუმის საკრებულოში ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარების გეგმა საჯაროდ განიხილეს

723

ბათუმის საკრებულოში ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. წარმოდგენილი პროექტი, რომელიც საკრებულომ უახლოეს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს, აღწერს ქალაქ ბათუმში მდგრადი ურბანული გადაადგილების განვითარების სტრატეგიულ გეგმას (2018-2030 წწ). ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის მიზანია, ყველა მოქალაქისთვის ისეთი სატრანსპორტო გადაწყვეტილების შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი დანიშნულების ადგილებთან და მომსახურებასთან წვდომას, მგზავრთა და ტვირთის ტრანსპორტირების ეფექტიანობისა და ხარჯების ეფექტურობის გაუმჯობესებას, ჰაერისა და ხმაურით დაბინძურების, სათბური აირების ემისეიბის, ენერგო მოხმარების შემცირებასა და ა.შ.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინასებით. განმახორციელებელი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის სამინისტრო და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი.

საჯარო განხილვას მერიის, საკრებულოს, აჭარის მთავრობის, მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების, საპატრულო პოლიციის, გადამზიდავი კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.