ბათუმში ღამის საათებში ხმაურს პოლიციის ნაცვლად მერია გააკონტროლებს

131

ბათუმში გვიან ღამით ფოიერვერკის აფეთქებას 1 მაისიდან ბათუმის მერია გააკონტროლებს. ბათუმის მერის ლაშა კომახიძის თქმით, ღამით ფოიერვერკების აფეთქების გამო შეწუხებული მოქალაქეები ხშირად მიმართავენ თვითმმართველობას, ამიტომ პოლიციის ნაცვლად, მონიტორინგის ფუნქციას თვითმმართველობა შეითავსებს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

კომახიძე დასძენს, რომ ღამის საათებში დაშვებულ ნორმაზე მეტად ხმაური დაუშვებელია ტურისტებისთვისაც. სწორედ ამიტომ, ფიზიკურ პირებს ან ობიექტებს, რომლებიც დაშვებულ ზღვარზე მეტად იხმაურებენ, ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ი “მუნიციპალური სერვისების სააგენტო” გააკონტროლებს.

შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ესწრებოდა. სულხან ღლონტმა შეხვედრაზე ტურისტული ობიექტების ხელმძღვანელების პოზიცია გაახმოვანა.

”კაფეების მეპატრონეები ამბობენ, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის რომ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ და მეტი სტუმარი ჰყავდეთ. ამ შემთხვევაში ერთადერთი რამაც უნდა დაარეგულიროს ეს ყველაფერი, არის კანონი. მუნიციპალიტეტზე გადმოცემული და დეცენტრალიზირებული ​ ეს უფლებები ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი უფრო ეფექტურად და აქტიურად განახორციელებს კონტროლს და ეს არის სწორი”, – თქვა სულხან ღლონტმა.