ლანჩხუთში კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი მერს მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს

561

ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორის მოადგილე, ნუგზარ ცინცაძე, ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, ლანჩხუთელი საფეხბურთო მსაჯის, ილო ტუღუშის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ცინცაძემ პრესკონფერენციაზე თქვა. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

ცინცაძის თქმით, ახალგაზრდა მსაჯი თვითმკვლელობამდე ლანჩხუთის მერის ქმედებამ მიიყვანა.

“ბრალდება ძალიან სერიოზულია და ნამდვილი, კერძოდ, ილო ტუღუში (მსაჯი, რომელიც მალტთაყვის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს), ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ალექსანდრე სარიშვილმა, ლანჩხუთის მერმა, წაიყვანა ბათუმში, შეახვედრა გიორგი იმნაიშვილს და კიდევ ერთ მის მეგობარს. მოგეხსენებათ რომ, არაერთი მსაჯი იქნა დაკავებული და მხილებული თამაშების ყიდვა გაყიდვაში, არასწორ მსაჯობაში, იგივე უნდა მომხდარიყო ლანჩხუთის “გურიასა” და თელავის “კახეთის” მატჩის დროს. მოგეხსენებათ ლანჩხუთის “გურია” იყო კრიტიკულ მდგომარეობაში და ვარდებოდა. ამას ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა ალექსანდრე სარიშვილმა და იმიტომ შევიდა გამოძიება ჩიხში და დაყოვნდა, ალექსანდრე სარიშვილი იყო ერთი თვის არჩეული და ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მისთვის მოეთხოვათ პასუხი. მან მიაცემინა თანხა იმნაიშვილს ტუღუშისათვის, რათა მას ეს თანხა გადაეცა მსაჯებისათვის, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ “გურიას”. რაც შეეხება მტკიცებულებას, პირადად ვესაუბრე გიორგი იმნაიშვილს. მსაჯების მოსასყიდი თანხა იმნაიშვილმა ასესხა ალექსანდრე სარიშვილს. პირველი დანაშაული ალექსანდრე სარიშვილის ის არის, რომ მან წაიყვანა თანასოფლელი, უპატიოსნესი ბიჭი და ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. მსაჯები უნდა მოესყიდა ამხელა ჩინოვნიკს. ვერ გათვალა… მე არა ვარ განაწყენებული, მე თანამდებობაც მაქვს და სოლიდური ხელფასიც, მე თქვენ გითხარით, რომ ჩემთვის ფინანსები არაფერს არ წარმოადგენს, მთავარია სიმართლე.  მივმართავ გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ამ საკითხს მიუდგნენ და სასწრაფოდ იქნას გამოძიებული. სარიშვილი კი არა ნებისმიერი ჩინოსანი, ვინც კანონს დაარღვევს უნდა დაისაჯის”,- განაცხადა ნუგზარ ცინცაძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში მცხოვრები საფეხბურთო მსაჯი ილო ტუღუში სამართალდამცველებმა ჩამომხრჩვალი ფოთთან ახლოს, მალთაყვის ტყეში ნახეს. შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა.