გორის N1 საჯარო სკოლას ნიკო კეცხოველის სახელი მიენიჭება

1124

გორის პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ და სამეურვეო საბჭოს წევრებმა სკოლისთვის ნიკო კეცხოველის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღეს. შესაბამისი სამთავრობო კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმაც თავიანთი აზრი დააფიქსირონ. საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე აღნიშნულ ინიციატივას საკრებულოს წევრებს 13 აპრილს გააცნობს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში პირველი სკოლის სახელწოდების საკითხს სამთავრობო კომისიაში განიხილავენ.

ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ნიკო კეცხოველი 1897 წელს დაიბადა სოფელ ტყვიავში და გარდაიცვალა 1982 წელს.

ამ სკოლამ, გასული წლის დეკემბერში, გარემოს დაცვის კუთხით ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია მოიპოვა. ამის გამო, გამარჯვებულ სკოლას ეკოჰაბის მოწყობაში დაეხმარნენ.