გურჯაანის მერიაში ტურიზმის განვითარების განყოფილება შეიქმნა

891

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილება შეიქმნა. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

როგორც სამსახურის უფროსი ნინო ნინოშვილი ამბობს, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში ტურიზმი განვითარდეს, ზოგადი სტრატეგიის შემუშავებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„მოვიწვიეთ გერმანელი ექსპერტი, რომელიც ხუთ მაისს ჩამოვა. ის ჩვენთან, ჯერჯერობით, სამი კვირის განმავლობაში ითანამშრომლებს. შევეცდებით შევისწავლოთ ყველა ის პრობლემა, რაც ამჟამად მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არსებობს. დიდი ყურადღება მიექცევა ქალაქს იმიტომ, რომ არის ძალიან დიდი პოტენციალი… სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი დაგვაკავშირონ გერმანიაში ტურისტულ ორგანიზაციებთან. მათი მეშვეობით გერმანიიდან გურჯაანში პირდაპირ მოხდება ტურისტების ჩამოყვანა”, – თქვა ნინო ნინოშვილმა.

ნინო ნინოშვილის თქმით, მიმდინარეობს ინვესტორების მოძიება, რომლებთანაც ერთობლივი პროექტები გაკეთდება. ამჟამად, განყოფილება მუშაობს სასტუმროების, მარნების, კულტურული ძეგლების და ა.შ. ბაზების შექმნაზე.

„როცა ეს მოხდება, ტურისტულ მარშრუტებში ჩაისმება სხვადასხვა ობიექტები და ამით მეტი ტურისტის მოზიდვას შევუწყობთ ხელს. ვაკეთებთ ასეთ რამეს: გურჯაანი, როგორც მეღვინეობის ქალაქი. როგორც სიღნაღს იცნობენ სიყვარულის ქალაქად, გვინდა, გურჯაანი აღიქმებოდეს ღვინის ქალაქად.ამისთვის გვაქვს მარნების პროექტი, ამ კუთხით რაიონში დიდი პოტენციალია. ძირითადად, ამაზე ვიქნებით ფოკუსირებული. თითოეული გურჯაანელის აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ რას შეცვლიდნენ და გააკეთებდნენ ქალაქის აღორძინებისთვის”, – დასძინა ნინოშვილმა.