გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა თბილისში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო

570

წინა სტატია

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დედაქალაქში საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელება რუსთაველის გამზირიდან დაიწყო. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„სამუშაოების ფარგლებში არსებული ხეების გასხვლა, ბუჩქებისა და მცენარეების დეკორატიული ფორმირება და მწვანე საფარის განახლება მოხდება. ამავე დროს, უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოები ჩატარდება თარგების, გზების მორეცხვისა და დასუფთავების თვალსაზრისით, რაც, სამწუხაროდ, წლებია ჩვენს დედაქალაქში არ მომხდარა. დავიწყეთ რუსთაველის გამზირიდან, დავფარავთ ყველა ცენტრალურ ქუჩას. პარალელურ რეჟიმში მუშაობა ბაღებსა და სკვერებში გაგრძელდება“,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, სამუშაოების ფარგლებში ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, ხე-მცენარეებისა და ბუჩქების ჩანაცვლება, აღწერა, დეკორატიული ფორმირება, სარწყავი სისტემის მოწესრიგება, მწვანე ზედაპირის (ბალახის) აღწერა, ბალახის დარგვა, ხე-მცენარეების ჩანაცვლება და ქუჩების დასუფთავება არის დაგეგმილი.

„აღნიშნული ღონისძიება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. რუსთაველის გამზირის გარდა, სამუშაოები მელიქიშვილის გამზირზე, კოსტავას ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე, თამარაშვილის გამზირსა და მარშალ გელოვანის გამზირზე ჩატარდება. პარალელურად დაგეგმილია გამწვანების სამუშაოები, რომელიც ბალახის საფარის გამოცვლას, არსებული დაზიანებული ხე-მცენარეებისა და ბუჩქების ჩანაცვლებას და ზოგადად ამ ქუჩებზე არსებული მწვანე თარგების მოწესრიგებას გულისხმობს“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

სამუშაოებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან ერთად, შპს „ეკო სერვის ჯგუფი“ ახორციელებს.