კობახიძე: პარკირების წესების დარღვევისთვის სანქციების გაზრდა არ იგეგმება

872

„სიტი პარკი“ თბილისის საპარკინგე სისტემას ჩამოშორებულია. კომპანიას ხელშეკრულება ოფიციალურად შეუწყდა. ფუნქციას ამიერიდან თბილისის სატრანსპორტო სამსახური შეასრულებს. უცვლელია პარკირების მოსაკრებელი და ჯარიმების ოდენობა. აკრძალულ ადგილზე გაჩერებულ ავტომობილებს საჭიროების შემთხვევაში ძველებურად გადაიყვანენ საჯარიმოზე, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

იგეგმება თუ არა პარკირების წესების დარღვევისთვის სანქციების გაზრდა, ამ და სხვა დეტალებზე “მაესტროს” ეთერში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, მამუკა კობახიძემ ისაუბრა.

“კონტროლიორს ექნება ჯარიმის გამოწერის უფლება. ის შეამოწმებს, რამდენად სწორად არის ავტომობილი საპარკინგე ადგილზე გაჩერებული. თუ გაჩერებული ავტომობილი აფერხებს მოძრაობას, მაშინ კონტროლიორი გამოიძახებს ევაკუატორს. ჩვენი კომპანია არ იქნება ორიენტირებული რაც შეიძლება მეტი ჯარიმა გამოიწეროს. შესაბამისად, ცალსახად აღვნიშნავ, რომ ჯარიმა იქნება სამართლიანი და არც სანქციების გაზრდა იგეგმება”- განაცხადა კობახიძემ.

დღეიდან თბილისში, პარკირების ჯარიმების ნახვა ახალ ვებგვერდზე Tp.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

კომპანია “სიტი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.

ამასთან ცნობილი გახდა, რომ „სიტი პარკმა” მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.