ბელიაშვილის ქუჩაზე ამხანაგურ მატჩში კახა კალაძეც ითამაშებს

773

წინა სტატია

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სტადიონზე დაგეგმილ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ითამაშებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ამხანაგური საფეხბურთო მატჩი 14 აპრილს, 18:00 საათზე დაიწყება. ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მერის ინიციატივას მიესალმებიან.

„მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18:00 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს, ისიამოვნოს ფეხბურთით“, – აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

8 აპრილს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოქალაქე ფერადკანიან სტუდენტებს დაუპირისპირდა და სტადიონიდან გააძევა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.