ბათუმის ვიცე-მერი მესხის ქუჩაზე გამართულ აქციას გამოეხმაურა

631

ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე ბათუმში, მესხის ქუჩაზე მცხოვრებლების აქციას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ზუსტად არ არის ცნობილი, აღნიშნული ქუჩის რა მონაკვეთში გაივლის მაგისტრალი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

„არსებობს ვარაუდი, რომ მაგისტრალის მშენებლობა მათ საცხოვრებელ სახლს ნაწილობრივ შეეხება. თავისუფალ ადგილზე მერია მშენებლობის ნებართვას ვერ მისცემს, რადგან სამომავლოდ შესაძლებელია, რომ მაგისტრალი გავიდეს და სახელმწიფო შემდეგ ვეღარ გადაუხდის თანხას, თუმცა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მაგისტრალის მშენებლობა ხელს არ შეუშლის“, – განაცხადა თენგიზ პეტრიძემ,

ბათუმში, ივანე მესხის ქუჩის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ, – აღნიშნული მოთხოვნით მათ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, 8 წელია წყლისა და კანალიზაციის სისტემის გარეშე ცხოვრობენ, ასევე სანიაღვრე არხები არ არის მოწესრიგებული. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, ისინი ბათუმი-სარფის ცენტრალურ საავტომობილო გზას გადაკეტავენ