თბილისში პარკირების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შესაძლოა ბიზნესს მიაბარონ

608

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ თბილისში პარკირების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ბიზნესს მიაბარონ, თუმცა, არასწორი პარკირებისთვის მძღოლების დაჯარიმების უფლება მხოლოდ მერიის მუნიციპალურ სამსახურს ექნება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც კალაძე აცხადებს, ჯარიმები ბიზნესზე მიბმული არ უნდა იყოს.

„ჯარიმების გამოწერა უნდა იყოს მუნიციპალური სამსახურის დაქვემდებარებაში იმიტომ, რომ ევროპული მაგალითებიც რომ ავიღოთ, არსად არ არის კერძო სტრუქტურა, ვინც აჯარიმებს მოქალაქეებს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ დაჯარიმების ნაწილი მერიის ერთ-ერთი სტრუქტურის დაქვემდებარებაში უნდა იყოს. რაც შეხება მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების მოწყობას, ეს შეიძლება გავიტანოთ და ბიზნესს მივცეთ იმის შესაძლებლობა თანხები ჩადონ, ეს მიმართულება განავითარონ. თუმცა, ჯარიმები არ უნდა იყოს ბიზნესზე მიბმული, როგორც იყო „სითი პარკის“ შემთხვევაში. რაც უფრო მეტი მანქანა გადაყავდათ, ეს იყო მათთვის ბიზნესი. მგონია, რომ ეს მიდგომები თავიდანვე შეცდომა იყო“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ „ხშირად ავტომანქანა იდგა არასწორ ადგილზე, ექვემდებარებოდა დაჯარიმებას მაგრამ არა გადაყვანას, თუმცა მაინც გადაყავდათ.

„ეს მიდგომები შეიცვლება ჩვენი თანამშრომლების მხრიდან“, – განაცხადა კალაძემ.