დღეიდან “სიტი პარკს” თბილისის სატრანსპორტო კომპანია ჩაანაცვლებს

დღეიდან “სიტი პარკი” თბილისის პარკირების სისტემის მენეჯმენტიდან გადის და მას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია მზადაა, ეს ფუნქცია თავის თავზე აიღოს. თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღჭურვილი იქნებიან ყველა შესაბამისი ტექნიკით. კალაძის ინფორმაციით, მოქალაქეები ჩვეულებრივ შეძლებენ პარკირების საფასურისა და ჯარიმების გადახდას და ამისათვის უკვე შექმნილია შესაბამისი ვებ-გვერდი.

აგრეთვე, ამოქმედდება თბილისის პარკინგის ცენტრალური ოფისი, რომელიც ცაბაძის N2-ში განთავსდება და მოქალაქეებს მოემსახურებიან. კალაძის თქმით, უკვე შესაძლებელი იქნება პარკირების საფასურის სწრაფი გადახდის აპარატებითა და ბანკით გადახდა.

კალაძემ მოუწოდა თბილისის მოსახლეობას, დაიცვას პარკირების წესები. მისი თქმით, ჯარიმებიდან შესული თითოეული თეთრი მიმართული იქნება სატრანსპორტო პოლიტიკის გასაძლიერებლად, მათ შორის, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგების მოწყობას.

კომპანია “სიტი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 13 მარტს განაცხადა, რომ 10 აპრილიდან კომპანიას ხელშეკრულებას გაუწყვეტდა.

კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მერიის მიერ ხელშეკრულების გაწყვეტას სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა, მერია, თავის მხრივ, აცხადებს, რომ “სიტი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის გამო, მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის, ვინაიდან ომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, პირობები დაარღვია და ამის გამო მას არაერთი გაფრთხილება მიეცა.

მსგავსი სიახლეები