ბათუმის მერიამ საკრებულოს ზოოპარკისთვის ტერიტორიის განსაზღვრა სთხოვა

842

ბათუმის მერია ქალაქის საკრებულოში ბათუმში ზოოპარკისთვის ტერიტორიის განსასაზღვრად პროექტს წარადგენენ. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ზოოკუთხეს 16 ათასი კვ.მ.-მდე მიწის ნაკვეთი უჭირავს. ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს ინფორმაციას.

“ზოოკუთხე საჭიროებს შემდგომ განვითარებასა და გაფართოებას,რისი პერსპექტივაც თავისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით მას არ გააჩნია – ერთი მხრიდან ესაზღვრება საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები, მეორე მხრიდან ცენტრალურ პარკში არსებული ტბა. შესაბამისად, დგება ბათუმის ზოოკუთხის სხვა ტერიტორიაზე გადატანის, ახალი ზოოპარკის მშენებლობის, შესაბამისი საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების საკითხი.

ახალი ზოოპარკის მშენებლობისათვის შერჩეული იქნა ჩაქვის მხრიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღის მომიჯნავედ მდებარე ტერიტორია, რომლის ფართობი სულ შეადგენს 173338 კვადრატულ მეტრს” -წერია ქალაქის მერიის გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმის მერიის ცნობით, საქართველოში არ მოიძებნება ზოოპარკის მშენებლობის დამპროექტებელი სპეციალისტები, რის გამოც აუცილებელი ხდება საქმეში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა. უწყების ცნობით, ამაში მერიას ფონდი “ქართუ” ეხმარება.