წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება

602

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში გაზიფიცირების სამუშაოები გრძელდება. ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სოფელ მაღლაკში გაზიფიცირების სამუშაოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო, ამ დროისთვის გაზიფიცირებულია 300 აბონენტი.

,,სოკარ ჯორჯია გაზი”-ს წყალტუბოს სერვისცენტრის ხელმძღვანელის ბაკურ ბალანჩივაძის განმარტებით, ბუნებრივი აირის ქსელის მონტაჟის სამუშაოები თვეში დაახლოებით 120-130 ოჯახისთვის სრულდება. მისივე თქმით, პროცესი მომავალი წლის მარტში დასრულდება. ჯამში მაღლაკში 1634 აბონენტი გაზიფიცირდება. 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის ქსელი მოწყობილია სოფელ გუბისწყალსა და პირველ წყალტუბოში, ამ სოფლების მოსახლეობის გაზიფიცირება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს, მაისიდან ანალოგიური სამუშაოები დაიწყება სოფელ ქვილიშორში, ივნისიდან კი სოფელ ჩუნეშში.

მაღლაკის მოსახლეობასთან ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების შეხვედრისას დაისვა გარე განათების ქსელის მოწყობის საკითხი. მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის ზურაბ მაისურაძის განცხადებით, სოფელ მაღლაკში გარე განათების ბოძებზე სანათების დამონტაჟება უახლოეს დღეებში მოხდება.