რა შესაძლებლობებს აძლევს თვითმმართველობებს ევროკავშირი

1280

ევროკავშირი საქართველოს რეგიონების განვითარების, კანონმდებლობის დახვეწის და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ადგილობრივ თვითმმართველობებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს და იქ მომუშავე პირებს გაძლიერების, განვითარების და გადამზადების შესაძლებლობა აქვთ. ვანო ჩხიკვაძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ევროკავშირი, ყოველწლიურად, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს ხარჯავს.

,,ევროკავშირი ახორციელებს ბევრ მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც საქართველოს თვითმმართველობებს ჩართვის და მონაწილეობის საშუალებას აძლევს. მაგალითად ეს არის ,,ჰორიზონტი 20-20- კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო-პროგრამა“, რომელიც მიზნად ისახავს, წვლილი შეიტანოს ევროპის კვლევითი სივრცისა და ინოვაციის კავშირის განხორციელებაში, საქართელოსთვის ღიაა და შეგვიძლია ჩავერთოთ, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. ასევე არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა Erasmus+, რომელიც ახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლამდე. ამ პროგრამაშიც ადგილობრივ ხელისუფლებას თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიიღონ მონაწილეობა. ყოველწლიურად ამ და მსგავსი პროგრამების განხორციელებისთვის იხარჯება საკმაოდ ბევრი თანხა ‘’, – განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ თვითმმართვეული ერთეულები აღნიშნული სიკეთეებითა და შესაძლებლობებით თითქმის არ სარგებლობენ, რადგან ინფორმირებულები არ არიან.
ვანო ჩხიკვაძე განმარტავს, რომ ევროინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად და მის გასავრცელებლად შექმნილია სპეციალური ქსელი, რომლის წევრიც ყველა რეგიონის გუბერნატორის მოადგილეა. ჩხიკვაძის თქმით, მათი ვალდებულებაა აღნიშნულს საკითხზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და საზოგადოების ინფორმირება.

,,შექმნილია ქსელი, რომელშიც ჩართულები არიან გუბერნატორის მოადგილეები და ისინი პასუხს აგებენ ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი აღებულ ვალდებულებას ვერ ასრულებენ. ვფიქრობ, იმისთვის, რომ თვითმმართველობებმა გაიგონ და ისარგებლონ ევროკავშირის და ასოცირების შეთანხმების სიკეთეებით, რეგიონის დონეზე კარგი იქნება, შეიქმნას ერთი ე.წ. უჯრედი, რომელიც ამ მიმართულებით და ზოგადად შესაძლებლობებზე ინფორმაციას მოიძიებს და სამიზნე აუდიტორიამდე მიიტანს“, – ამბობს ჩხიკვაძე.

ასოცირების ხელშეკრულებით გათვალიწინებული შესაძლებლობების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობების ინფორმირების აუცილებლობაზე ყურადღებას ამახვილებენ საჯარო მოხელეებიც. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელი ვალერი გრემელაშვილი აცხადებს, რომ ევროპული გამოცდილების გაზიარება და მუნიციპალიტეტებში მისი დანერგვა თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობას გაზრდის და უზრუნველყოფს ღია და გამჭვირვალე მმართველობას.

,,თელავის მერია წლებია სარგებლობს ევროკავშირის დახმარებით, ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ხორციელდება, ,,მერების შეთანხმების“ პროგრამაა. პროგრამის ფარგლებში თვითმმართველობები ნებაყოფლობით იღებენ ვალდებულებას, გაზარდონ ენერგოეფექტურობა და განახლებადი წყაროების გამოყენება მათ დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე და საკუთარ მოქალაქეებს შეუქმნან ეკოლოგიურად, სოციალურად და ეკონომიკურად მდგრადი საცხოვრებელი პირობები. გარდა ამისა, ბევრ მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს ევროკავშირი თვითმმართველობებს, მათ შორის, საჯარო მოხელეების გადამზადების კუთხითაც“, – განაცხადა ვალერი გრემელაშვილმა.