სათიბ-საძოვრების გამოყენების პროგრამაში ცვლილებები შევიდა

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2018 წელს კიდევ უფრო მეტი კოოპერატივი შეძლებს ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში და მიიღოს სარგებელი, პროგრამაში ცვლილებებით მაღალმთიან რეგიონში მოქმედი დამატებით 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეძლებს პროგრამაში ჩართვას.

უწყების ცნობით, გასულ წელს 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 851 პირია გაერთიანებული. მათ 25 წლიანი იჯარით სათიბ-საძოვრები და ასევე საქონლის საკვებწარმოებისთვის თანადაფინანსებით ტრაქტორები გადაეცემათ. სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დმანისის, წალკის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების აშენებას და აღჭურვას. (თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავებას შეძლებს)“.

რაც შეეხება პროგრამით უკვე გათვალისწინებული რძის საწარმოს მშენებლობას, სამინისტროს ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში საწარმოს მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს .

სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული ოთხივე საწარმო პირდაპირი მიყიდვის წესით, შეღავათიან ფასად გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს. საწარმოების გამოსყიდვა პროგრამით დადგენილი წესით 8 წლის განმავლობაში მოხდება.

მსგავსი სიახლეები