გაირკვა, გაიცემა თუ არა კახეთის თვითმმართველობებში სააღდგომო პრემია

861

წინასააღდგომოდ კვლავ აქტუალური გახდა საკითხი, მიიღებენ თუ არა თვითმმართველობებში დასაქმებულები სახელფასო დანამატებს.  როგორც გამოცემა “სპექტრი” წერს, სახელფასო დანამატის თანხა სააღდგომოდ კახეთის არცერთი თვითმმართველობის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.

ლაგოდეხის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს 2018 წლის ბიუჯეტში სახელფასო დანამატისთვის თანხა, არა მხოლოდ სააღდგომოდ, არამედ საერთოდ არ არის განსაზღვრული.

გურჯაანში სახელფასო დანამატი წლის განმავლობაში ყველა თანამშრომლისთვის არ იქნება გათვალისწინებული და თანხა შეიძლება მხოლოდ იმ პირმა აიღოს, რომელიც დამატებით ფუნქციას შეასრულებს. ამისთვის 30 000 ლარია გათვალისწინებული, ყვარელში კი – 50 000 ლარი.

სიღნაღის მერიაში განმარტეს, რომ სახელფასო ფონდში ცვლილება უნდა აისახოს და თანხა ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ახმეტაში სახელფასო დანამატის თანხა წინასწარ არ არის გათვალისწინებული და აცხადებენ, რომ თანხა თანამდებობრივი სარგოს ფონდში არსებული ეკონოომიიდან შეიძლება გაიცეს.

დანამატებისთვის თანხა წინასწარ არც თელავშია განსაზღვრული, თუმცა, ამბობენ, რომ დანამატის გაცემა, შესაძლოა, სახელფასო ფონდში წარმოქმნილი ეკომონომიის ფარგლებში მოხდეს.

გურჯაანის მსგავსად, ყვარლის, ახმეტის, თელავისა და სიღნაღის თვითმმართველობებში დასაქმებულებმაც, სახელფასო დანამატი, შესაძლოა, დამატებითი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში მიიღონ.