ქუთაისის სოციალურ საცხოვრიში შესრულებულ სამუშაოებს ექსპერტიზა შეისწავლის

818

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში შესრულებული სამუშაოების ხარისხს შეისწავლის. ექსპერტიზა ასევე დაადგენს სოციალური საცხოვრისის საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობასა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ სავალდებულო პირობებს.

სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით უკვე შეიქმნა კომისია, რომელმაც შენობის ვიზუალური დათვალიერებისა და დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე საექსპერტო შესყიდვების თაობაზე. კერძოდ, ჩატარდეს ექსპერტიზა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ.

დასკვნის შემდეგ ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა ერთ-ერთი მობინადრის აბაზანაში მოხდა. მეზობლები ყვებიან, რომ დედას ნგრევის ხმა მოესმა და მცირეწლოვანი ბავშვის აბაზანიდან გამოყვანა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სოციალურ საცხოვრისში 80 ოჯახი ცხოვრობს.

ნიკეას ქუჩაზე 5-სართულიანი ნაგებობა ქუთაისის მერიამ უსახლკარო მოქალაქეებისთვის გასულ წელს ააშენა და სპეციალურმა კომისიამ საცხოვრისში საცხოვრებლად რამდენიმე ასეული განცხადებიდან 80 ოჯახი შეარჩია.