საბურთალოზე, ქუთათელის ქუჩაზე 2500 კვ.მ. გზის საფარი დაიგო

1088

საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. განხორციელებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

ქუთათელის ქუჩაზე 2500 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გაფართოვდა საფეხმავლო ბილიკი და გაკეთდა მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი, რის შემდეგაც, ფეხით სავალ ნაწილზე ავტომანქანების პარკირება შეუძლებელი იქნება.

სამუშაოების ფარგლებში, შშმ პირებისა და საბავშვო ეტლებისთვის ბორდიურზე მოეწყო პანდუსები, სახანძრო ჰიდრანტი და დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები. საგზაო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპმა“ განახორციელა. პროექტის ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს.

ქუთათელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შეიცვალა.

კერძოდ, ხვალიდან ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შევლენ, საიდანაც მოძრაობას იოსებიძის ქუჩაზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე ისინი გადაადგილებას შეძლებენ მარცხნივ – პეკინის გამზირისკენ ან პირდაპირ – კვლავ იოსებიძის ქუჩაზე.

თბილისის მერიის ცნობით, კალანდაძის ქუჩიდან იოსებიძის ქუჩაზე მარცხნივ შეხვევა შეიზღუდება. ასევე, ნებადართული არ იქნება ფანჯიკიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე იოსებიძისა და ქუთათელის ქუჩების გავლით მოძრაობაც.