ირაკალი ზარქუა: გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართებს გამოვუყოფთ

773

თბილისის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ხელისუფლება ქაოსურ გარევაჭრობაში ჩართულ ფიზიკურ პირებს ბედის ანაბარა არ ტოვებს და პირიქით, ყველა მუნიციპალიტეტი მათთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე მუშაობს, რათა საკანონმდებლო ცვლილებები ნაკლებად მტკივნეული იყოს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ამ განცხადებით ზარქუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა.

„ეს არის პარკინგი, ტაქსები, ქაოსური გარევაჭრობა და მშენებლობები. გარევაჭრობა 20 ლარით ჯარიმდება, რაც პრევენციის ისეთი საშუალება არ არის, რაც გარკვეულ ზეგავლენას მოახდენდა. მისაბმელიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ერთი მხრივ, პარკინგის ადგილებს იკავებს, მეორე მხრივ კი, საცობებსა და ანტისანიტარიას ქმნის.

ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ქაოსური და მოუწესრიგებელი, უნებართვო გარევაჭრობა წარსულს უნდა ჩაბარდეს. ეს ცვლილებები შეიძლება არაპოპულარული იყოს, მაგრამ როგორც პასუხისმგებლიანმა მთავრობამ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ჩვენი მიზანი არ არის, ვინმე დავაჯარიმოთ, ჩვენი ამოცანაა, მოწესრიგებული იყოს როგორც პარკინგი, ასევე გარევაჭრობა და განაშენიანება“, – განაცხადა ზარქუამ.

თბილისის მერიის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც კანონდარღვევებზე ჯარიმები მნიშვნელოვნად იზრდება, პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.