თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მომავალ წელს 70 ახალი ავტომანქანა დაემატება

1373

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს მომავალ წელს 70 ახალი ავტომანქანა დაემატება. კალაძის ინფორმაციით, მომავალ წელს ავტოპარკი მთლიანად განახლდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრს დაემატა 10 ახალი ავტომანქანა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს 70 ახალი ავტომობილის შესყიდვა. ეს კეთდება სერვისის გაუმჯობესებისთვის. ვისურვებდი, რომ არასდროს არავის დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის გამოძახება, თუმცა, სერვისი უნდა იყოს მაღალ დონეზე ამ მიმართულებით”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს “ფიატის” მარკის 10 ახალი ავტომანქანა შეემატა. ახალი ავტომობილები აღჭურვილია სამედიცინო გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობით და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. დღეისთვის თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, სამედიცინო წესით აღჭურვილ 97 სპეცმანქანას ითვლის.